
„სკოლაში მხოლოდ ის პირველკლასელები შევლენ, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება“ - ზოგადი განათლების რეფორმის თანმდევი ეს ცვლილება საზოგადოებაში განხილვის საგნადაა ქცეული, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რეგისტრაციას კიდევ ერთი ეტაპი ემატება - საცხოვრებლის მიხედვით.
რა ცვლილებებს ითვალისწინებს აღნიშნული ინიციატივა? განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის 1-ელი ეტაპი შშმ პირებს შეეხება, (სადაც უნდა ცხოვრობდეს), მე-2 ეტაპი კვლავ და-ძმებს შეეხება, მე-3 ეტაპი კი საყოველთაოს ნაცვლად, საცხოვრებლის მიხედვით რეგისტრაცია იქნება:
„ვიწყებთ დიდი, თვითმმართველი ქალაქებითა და რეგიონული ცენტრებით... ხოლო აქედან ოთხ ქალაქში იმოქმედებს ე.წ. დაუბნების პრინციპი - თბილისში გვექნება 10 უბანი, ქუთაისსა და ბათუმში 5-5, ხოლო რუსთავში 3-4.
მაგალითად, სკოლა აცხადებს 100 ადგილს. რეგისტრაციის I-II ეტაპების შემდეგ დარჩენილი ადგილებიდან, 80 პროცენტს ვუშვებთ საცხოვრებლის მიხედვით რეგისტრაციაზე და მხოლოდ 20 პროცენტს ექნება სასურველ სკოლაში დარეგისტრირების საშუალება“.
უბნების მიხედვით რეგისტრაციას რაც შეეხება, დიდუბეში რეგისტრირებულ ბავშვს, ჩუღურეთის სკოლაში მე-3 ეტაპზე ვერ დაარეგისტრირებთ, თუმცა თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ ორი უბნის საზღვარზე იქნება, ამ მხრივ გამონაკლისი წესი იმოქმედებს:
„ვაკესა და საბურთალოს მაგალითზე რომ ვთქვათ, თუ 1 კილომეტრის რადიუსით იქნება სკოლა, ამ ბუფერსაც გავხსნით და ვაკეში მაცხოვრებელს საბურთალოზე არსებულ სკოლაში რეგისტრაციის საშუალება ექნება“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.