საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მრავალმხრივი ხედვით შეისწავლეს 
30-01-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა ადრეული საუკუნეების მწერლობისა და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს.

მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებოდნენ თითოეული ნაწარმოების სიუჟეტურ ქარგას, სვამდნენ გააზრებულ კითხვებს, რომლებიც თანაბრად ეხებოდა როგორც ლიტერატურულ სახეს, ისე ისტორიულ მოვლენებსა და გეოგრაფიულ სივრცეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწორედ ამ ინტერესმა შვა ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა. მოსწავლეთა სურვილისამებრ, კლასი სამ ჯგუფად გაიყო: „ლიტერატორებად“, „გეოგრაფებად“ და „ისტორიკოსებად“. ნაწარმოებების შესწავლა მრავალმხრივი ხედვით მიმდინარეობდა — ტექსტი ერთდროულად განიხილებოდა როგორც მხატვრული ქმნილება, ისტორიული დოკუმენტი და გეოგრაფიული რუკის ნაწილი.

ამ პროცესმა მოსწავლეებს კიდევ უფრო მკაფიოდ დაანახა V–IX საუკუნეების საქართველოს რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა: ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება, კულტურის აღმავლობა, სარწმუნოებისადმი ურყევი ერთგულება, საზღვრებისა და თავისუფლებისათვის გამუდმებული ბრძოლა. ნათლად გამოიკვეთა განათლების გადამწყვეტი მნიშვნელობაც — როგორც სულიერი სიმტკიცის, ისე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საფუძველი.

სწავლების მიმდინარეობისას „ლიტერატორებს“, „გეოგრაფებსა“ და „ისტორიკოსებს“ შორის იმართებოდა დისკუსიები, ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, განსხვავებული ხედვების შეჯერება. თითოეულ ჯგუფთან აქტიურად მუშაობდნენ პედაგოგები:

ფილოლოგი მარი თაბაგარი, გეოგრაფი მზია მელივა და ისტორიკოსი ირმა კვანჭიანი მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და საკითხების გააზრებაში უწყობდნენ ხელს.

ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეთა შემოქმედებითმა ენერგიამ კონკრეტული სახე მიიღო: შეიქმნა წმინდა შუშანიკისადმი მიძღვნილი საინფორმაციო ბუკლეტი, აბო თბილელის წარმოსახვითი დღიურები და გრიგოლ ხანძთელის ჩანაწერთა წიგნი.

სამივე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების შესწავლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები თანაკლასელებისა და მასწავლებლების წინაშე წარადგინეს და ისაუბრეს ტექსტების ლიტერატურულ მნიშვნელობაზე, ისტორიულ ჩანართებსა და მათში მოხსენიებულ გეოგრაფიულ სივრცეებზე. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი ლალი მელივა.

„წარდგენა იყო საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი - ცოდნა და სულიერი გამოცდილება ერთ მთლიანობად შეიკრა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203