
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჯერად სკოლაში V კლასის მოსწავლის - მანო სურმანიძის სპორტული მიღწევებით ხარობენ.
მანო სურმანიძე ძიუდოში, საქართველოს ვიცე-ჩემპიონია.
29 იანვარს, თბილისში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა 2014-2015 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონატი.
V კლასის მოსწავლე მანო სურმანიძემ ღირსეულად იასპარეზა, 32 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი დაიკავა და გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს შედეგი დიდ შრომას, ნებისყოფასა და სპორტულ კულტურას ასახავს გამარჯვებას, რომელსაც მიღმა დგას ყოველდღიური ვარჯიში, დისციპლინა და მიზნისკენ სწრაფვა.
მანო ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური.
„ვულოცავთ მანოს და მის მწვრთნელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და გულწრფელად ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებსა და მაღალ მწვერვალებს. სკოლის დირექცია და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური დიდი სიხარულითა და სიამაყით ულოცავს მანოს ამ მიღწევას და უსურვებს:ჯანმრთელობას, მტკიცე ხასიათს, სპორტულ წინსვლას, მრავალ ახალ ტრიუმფს.
ვულოცავთ ასევე მანოს მშობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი წარმატების გზაზე გვერდით დგას.
ეს გამარჯვება საამაყოა ჩვენი სკოლისა და ჩვენი თემისთვის. მანოს წარმატება ბევრ თანატოლს მისცემს მოტივაციას, იშრომოს, იბრძოლოს და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: