როგორ და სად ისვენებენ ქართველი მასწავლებლები ზაფხულში
05-07-2018
საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგებია, თუმცა პედაგოგებს  შვებულება აგვისტოს თვიდან ეწყებათ. საინტერესოა, რას გეგმავენ და როგორ ისვენებენ მასწავლებლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაზე ზრუნავენ? - Etaloni.ge ამ კითხვით საქართველოს სხვადასხვა კუთხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მასწავლებელთა ნაწილს ზაფხული ჯერ არ დაუგეგმავს და ამის მიზეზი დატვირთულ გრაფიკთან ერთად სხვა პრობლემებიცაა:

დავით გაბუნია, გეოგრაფიის მასწავლებელი, (ვანი, სულორის საჯარო სკოლა): ზაფხულში, მეუღლემ თუ მომცა საშუალება, 3 დღით ზღვაზე მინდა წავიდე. მერე ბევრი საქმე მაქვს და ეს 3 დღეც თუ მოვახერხე, კარგი იქნება. ისეთ ადგილას ვცხოვრობ, კურორტია ისედაც და აქაც კი ვერ ვახერხებ თუნდაც ერთი საათი მდინარეზე გავიდე. 

მაია ღვინჯილია, დაწყებითი კლასების პედაგოგი (თელავის N3 საჯარო სკოლა): აღვნიშნავ, რომ ნაყოფიერი წელი მქონდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სექტემბრამდე მაქვს შვებულება და ზაფხული ჯერ არ დამიგეგმავს. ალბათ, ზღვას ან მთას ავირჩევ და 2 კვირით ოჯახთან ერთად დავისვენებ.  

მარიკა ხვედელიძე, პედაგოგი (თბილისის N11 საჯარო სკოლა): ამ ზაფხულისთვის, ფინანსებიდან გამომდინარე, კონკრეტული გეგმა არ მაქვს. მთელ ზაფხულს, ალბათ, თბილისში გავატარებ. 

მარიამ პაპიძე, ისტორიის მასწავლებელი (ქუთაისის N34 საჯარო სკოლა): შვებულებას 15 აგვისტოდან ვიღებ, მანამდე ჩვეულებრივად ვმუშაობ. დასასვენებლად, სავარაუდოდ, მთას ავარჩევ. 

ქეთევან კვიტაიშვილი, ისტ-ის პედაგოგი (ბათუმის N17 საჯარო სკოლა): შვებულებას აგვისტოს თვიდან ავიღებ. ამჯერად, ქალაქიდან გასვლას არ ვაპირებ. წელს ბათუმშივე დავისვენებ, რადგან ამისთვის სხვადასხვა მიზეზი მაქვს. ზოგადად, ზაფხულობით ბათუმიდან გავდივარ-წაღვერში ვისვენებ ხოლმე.  

ნაირა კაჭახმაძე, ინგლისურის მასწავლებელი (ბათუმის N17 საჯარო სკოლა): საშვებულებო რომ დამერიცხება და ძალიან დიდი თანხა იქნება, საზღვარგარეთ წავალ... მაგრამ, რადგან რეალურად  ხელფასი ძალიან დაბალი მაქვს, ზაფხულს ისევ ბათუმში გავატარებ. 

ლელა შაიშმელაშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგი (ყვარელი, სარუსოს საჯარო სკოლა): სამწუხაროდ, ზაფხულში დასასვენებლად ვერ მივდივარ. ეს სხვადასხვა და მათ შორის ფინანსურ მიზეზს უკავშირდება. საერთოდ, სიმშვიდეში, მთაში დასვენება მირჩევნია ხოლმე. 

ფიქრია ლიპარტელიანი, მათემატიკის მასწავლებელი (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა): შვებულების პერიოდს ტრენინგები ემთხვევა, ამიტომ ვერ ვისვენებ. ტრენინგები წყალტუბოში ტარდება 2 თვით და იქ ვიქნები. წინა წელსაც ასე გავატარე ზაფხული. 

მზია ჯანიაშვილი, დირექტორის მოადგილე  (თბილისის N207 საჯარო სკოლა): ზაფხულს, სავარაუდოდ, ალბათ, ჩემს სოფელში გავატარებ-გურჯაანის რაიონში, სოფელ ჭერემში. წინა წელს მოვახერხე ზღვაზე-ურეკში წასვლა. წელს, ალბათ, მხოლოდ ჭერემში დავისვენებ.

მანანა ცეცხლაძე, (ქედა, მეძიბნას საჯარო სკოლა): ალბათ, აგვისტოში მთაში დავისვენებ. ჩვენ სოფელს მთა ახლოს აქვს, სადაც ჩვენი საგვარეულო სახლიც მდებარეობს. იქ წავალთ.

თეა მინდელაშვილი, ისტორიის მასწავლებელი (მცხეთა, ახალდაბის საჯარო სკოლა): ამ ეტაპზე დასვენებას ვერ ვახერხებ. შარშან ახალგორში გახლდით. ზოგადად, უპირატესობას მთაში დასვენებას ვანიჭებ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203