„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს და სტუ-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან
29-01-2026
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ ის რომ, წელს არ შეიცვლება მისაღები სტუდენტების რაოდენობა და არ შემცირდება აკადემიური პერსონალი, გაერთიანებულიი უნივერისტეტის მმართველად კი დროებით დანიშნული სპეციალური საბჭო, რექტორი და რექტორის მოადგილე დაინიშნება.
 
 
მინისტრის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას  უკვე გამოეხმაურნენ პროფესორები და რექტორები:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, სტუ-სა და თსუ-ის გაერთიანების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გუშინ მიიღო, ამის შესახებ გურგენიძემ „რადიო თავისუფლებას" განუცხადა.

"რა თქმა უნდა, კონსულტაციები იყო და ვისაუბრეთ ამაზე. დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ. მე არჩეული ვარ, ვინც ამირჩია, იმასაც ხო უნდა გავაგებინო მიღებული გადაწყვეტილება, არა?! როგორც იქნება უნივერსიტეტისთვის და ქვეყნისთვის კარგი, საზოგადოებაც და აკადემიური საბჭოც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.
 
როგორი ტექნოლოგიური სკოლა იქნება ამ გაერთიანებულში, ამაზე არ ყოფილა ჯერ მსჯელობა. ამას, როცა ერთად გავივლით ბატონ მინისტრთან, მოვახსენებ ამას ჩემს აკადემიურ საბჭოს, ფაკულტეტების საბჭოს. წყნარად იქნება [გადაწყვეტილება] მიღებული, ყოველგვარი ექსცესების გარეშე.
 
ჩემი თანხმობა ან ართანხმობა არაფერს არ ნიშნავს. ამაზე მსჯელობა იქნება და აკადემიური საბჭო გამოხატავს თავის აზრს. შეხვედრები მექნება. ჯერ ერთი საათი არ მცალია, ბატონ პრეზიდენტთან მივდივარ დაჯილდოებაზე. მოვალ და მექნება შეხვედრები. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესორები და სტუდენტები.
 
იქნებ და უკეთესია... ვითარდება ყველაფერი. იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ გამოგვადგება შემდეგში.
 
ჩემი, ერთი კაცის აზრია, რომ ჯერ მთავრობისგან უნდა მივიღო დასტური იმისა, რა ტექნოლოგიური სკოლა იქნება, რომ ამ ადამიანებს ავუხსნა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ღრმად მწამს, დღევანდელი ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებდა ადრე და ვერ გააკეთა.
 
ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩვენ როგორც მინისტრთან, ისე პრემიერ-მინისტრთან. მე გეუბნებით, რომ მექნება შეხვედრები და ვიმსჯელებთ... იქნებ და ისეთი ტექნოლოგიური სკოლა იქმნება, როგორიც ყველას გაუხარდება".
 
განსხვავებული აზრი აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ირინა გოცირიძეს, რომელმაც გადაწყვეტილების შესახებ მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა - „ამის დაწერა თუ მომიწევდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. "ხელები შორს 104 წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან". შენობები რომლებშიც ამ გადაწყვეტილებებს იღებთ, კომუნიკაციები რითაც სარგებლობთ ამ განცხადებების გაკეთებისას, დენი, წყალი, გათბობა კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, გზები რითაც მოგზაურობთ, და რა ვიცი კიდევ რა, ყველაფერი გპი-ს და მერე უკვე სტუ-ს კურსდამთავრებულების შრომის, ცოდნის და ღვაწლის შედეგია. დაფიქრდით რაზე აწიეთ ხელი. სტუ მარტო ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური შენობები არაა, რაც ერთობ მომხიბლავია ალბათ“.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ჯაბა სამუშიას თავისი აზრი არ გამოპუხატავს, თუმცა ცნობილია თსუ-ს პროფესორთა ნაწილის მოსაზრება, რომლებიც გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ. 
 
„დიდი ხანია არაფერი დამიდია ფეისბუკზე. ძნელია, კომენტარები აკეთო, როცა ერთმანეთზე უარესი ამბები ხდება ქვეყანაში და ხალხი ამას გულგრილად ხვდება. განსაკუთრებით მძიმე იყო სტუდენტების სრული ინდიფერენტულობა ე.წ. განათლების რეფორმის მიმართ, რომელიც საქართველოს მთლიანად ხსნის ევროპული განათლების სივრციდან და მომავალს უსპობს ქვეყანას.
 
ამაზე უარესი რაღა შეიძლება მომხდარიყო და აი ესეც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ისეთი წარმოუდგენელი აბსურდია, რომელიც საღი აზრის ნატამალსაც არ შეიცავს. რა მონსტრსაც მივიღებთ და რა შედეგებით, მალე გამოჩნდება. საინტერესოა, ამასაც ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ სტუდენტები?“, - წერს თსუ-ს პროფესორი, ზურაბ დავითაშვილი.
 
უნივერსიტეტების გაერთიანების ერთადერთ მიზანად კონტროლს ასახელებს თსუ-ს პროფესორი ლევან გორდეზიანი: „არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში„დრაკონული” ცვლილებების გატარება, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს... გზადაგზა გამოჩნდა მთელი სისრულით ის მავნებლობა, რაც ჩადებულია. საწყენია, რომ „ქართული ოცნება“ გვიყურებს, როგორც საკუთარ აქტივს, საკუთრებას. როგორც ეჩვენებათ, რომ გამოადგებათ, ისე განგვკარგავენ. ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს. განათლება უნდა გვაძლევდეს განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ისინი კი ამას უპირისპირდებიან. ამ ფარგლებში, რაც არ უნდა კარგად დაალაგონ, ეს მიდგომა მიუღებელია. რაღაცები არ იციან, დეტალებიც არ ესმით და ბევრს სცოდავენ. ცალკეულ დეტალს თავისი უარყოფითი შედეგი ექნება, თუ მოესწრო განხორციელება”.
 
გადაწყვეტილება უნივერსიტეტების ავტონომიურობის და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ნინო დობორჯგინიძეს.
 
„პირველ ეტაპზე, იწვევს საშინელ გაუგებრობას, მართლა არ ვიცი რა იქნება ეს ახლად დაარსებული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თუ რაღაც ახალი? - სამივე ვერსია არის უნივერსიტეტის ავტონომიურობის, აკადემიური თავისუფლების და ყველაფრის შეზღუდვა.
 
ასე არ ხდება უნივერსიტეტების რეორგანიზაცია და გაერთიანების პროცესიც კი, სხვა, განვითარებულ ქვეყნებში ამას ყოველთვის წინ უძღვის წლობით მუშაობა მართლა გაუმჯობესების მიზნით. 
 
ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, იქ ნებისმიერი უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება, ყოველთვის წყდება მმართველ საბჭოებთან ერთად. ეს არის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭო, ასევე ფაკულტეტის საბჭოები. მე რამდენადაც ვიცი, არცერთი მათგანის შემთხვევაში არ ყოფილა არანაირი საუბარი აღნიშნულ თემაზე.
 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს ნამდვილად რეგულირდება. ჩვენი წესის მიხედვით, ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად უნდა გასცენ მმართველმა საბჭოებმა - ეს არის აკადემიური წარმომადგენლობითი საბჭო და ფაკულტეტის საბჭო. ძალიან დიდი გაუგებრობას და ქაოსს იწვევს სტუდენტებში როგორ მოხდება ავტორიზაციის, აკრედიტაციის საკითხები, ვინაიდან ის უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდება, ახალი უნივერსიტეტი იქნება”,- აღნიშნა ნინო დობორჯგინიძემ"- აღნიშნა ნინო დობორჯგინიძემ. 
 
როგორც ილიაუნის პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური გადარჩენა. 
 
„მე ვფიქრობ, ეს არ არის გაერთიანება, ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება. ამავე განცხადებაში გაცხადდა, რომ ამ „გაერთიანებით“ მოხდება თსუ-ს რეპუტაციის, მისი საქმიანობის გავლენების და მასშტაბის გაფართოება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ საუბარი გვაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებასთან. რადგანაც ეს სენსიტიური თემა იყო, გადაწყვიტეს რომ გაერთიანება დაარქვან ამას.

მე ადრე თქვენთან ეთერშიც ვისაუბრე, რა იყო ამ უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი. ეს იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური გადარჩენა და „ქართუ ფონდისგან“ ამ ფინანსური ტვირთის მოხსნა. ჩვენ ვიცით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძირითადად ტექნიკური მიმართულების განვითარებას გეგმავდა და მისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობა იყო პრობლემა. იმიტომ, რომ ქვეყანაში ჩვენ გვქონდა ასეთი ტრადიციული, 100 წლის და უფრო მეტის სასწავლებელი, თავისი რეპუტაციით, თავის პრობლემებით, მაგრამ ალტერნატიული ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტის შექმნა რთული აღმოჩნდა.

შესაბამისად, ერთი მნიშვნელოვანი ამხსნელი მაქვს ის, რომ ამ შემთხვევაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ახალი ბენეფიტი დაემატა, მათ შორის ისიც, რომ მომავალი წლიდან მასში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს) ჩამოაშორეს კონკურენტი. ანუ, დღევანდელი განცხადების საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოში აღარ არსებობს.

და მეორე, რატომ მგონია, რომ ეს პროცესი წახალისდა - ჩვენ ვიცით, რომ ახლა აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, ამ აბსურდული, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ მოდელის ფარგლებში, რომელ უნივერსიტეტებს რა პროგრამის გამოცხადების შესაძლებლობა ექნება მომავალ წელს. აქ ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ, ტექნიკური უნივერსიტეტი და თსუ, რადგან სხვა უნივერსიტეტებს ან დიდი გავლენა არ აქვთ პოლიტიკური ან არ არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის სამიზნეში მოხვედრილნი.

შესაბამისად, აქაც იყო პრობლემა, რომელ უნივერსიტეტს, რა პროგრამის განხორციელების უფლება ექნება, ეს პრობლემაც გადაიჭრა. თუ ისინი გაერთიანდებიან (სინამდვილეში დარჩა მხოლოდ თსუ), გადანაწილების დროს, კულუარული მოლაპარაკებებიც ზედმეტი ხდება, ყველაფერი ერთ კალათაშია“ - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203