
ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
ისტორიის მასწავლებლის - ინგა მართალიშვილის ინიციატივით, 25-27 იანვარს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პროექტის - „წარსულის გაკვეთილები, ქმედება მომავლისთვის“- ფარგლებში რამდენიმე აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა .
IX1 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად სკოლის საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს გაკვეთილი თემაზე - „მეხსიერება გვაკისრებს პასუხისმგებლობას“.
მათ ისაუბრეს სიკვდილის ბანაკებში დაღუპულთა და გადარჩენილთა ისტორიებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ერთ დღეს უბრალოდ უთხრეს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება ეცოცხლათ.
გიმნაზიელებმა წარმოადგინეს თავიანთი გზავნილები. აღნიშნეს, რომ ჰოლოკოსტი არ არის ერთი ერის ტრაგედია, იგი მსოფლიო ისტორიის ყველაზე შავი ლაქაა. ჰოლოკოსტი არ იყო „უბედური შემთხევა“. ეს ადამიანების გადაწყვეტილების შედეგად მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, მომავალში მსგავსი აღარ დაუშვან.
„გვახსოვდეს ჰოლოკოსტი, ნიშნავს ტოლერანტობასა და ადამიანის ღირსების დაცვას“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა.
შეხვედრა შეაჯამა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის რექტორმა დეკანოზმა ილია ხინიკაძემ.
ასევე, 27 იანვარს, თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გაიმართა კინოკლუბის (ხელმძღვანელი ინგა მართალიშვილი) შეხვედრა თემაზე - „წარსულის გაკვეთილები, ქმედება მომავლისთვის“.
შეხვედრაზე კლუბის წევრებს პედაგოგმა წარუდგინა დოკუმენტური ფილმი „მსოფლიოს ყველაზე დიდი სასაკლაო - აუშვიცი“ და მხატვრული ფილმი „პიანისტი“.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
• სტერეოტიპები,
• დისკრიმინაცია,
• გენოციდი,
• შეუწყნარებლობა.
როგორც პედაგოგი ინგა მართალიშვილი გვეუბნება, მოსწავლეებს მიეცათ დავალება ჰოლოკოსტის შესახებ თავიანთი გზავნილები თემაზე - „წარსულის გაკვვეთილები, ქმედება მომავლისთვის“,- წარადგინონ პოსტერების სახით.
27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ჰოლოკოსტი ბერძნული სიტყვაა და „სრულად დაწვას“ ნიშნავს. იგი გულისხმობს ნაცისტური რეჟიმის მიერ დაახლოებით ექვსი მილიონი ებრაელისა და სხვა უმცირესობების მასობრივ დევნასა და განადგურებას.
იხილეთ ფოტოები: