ზოგადი განათლების რეფორმა დამტკიცებულია - 11 კლასი, სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი... კიდევ რა იცვლება
27-01-2026

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს 9-წლიან საბაზო და 11-წლიან საშუალო სასკოლო განათლებას განათლებას.

სრული დოკუმენტი

„სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მოსწავლეებში ჩამოყალიბდება კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლები. სკოლის საბაზო საფეხურზე (VII-IX კლასები) სწორად გადანაწილდება სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქციური სწავლითა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებით, რაც 9 წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფს ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარებას.

სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან. ეროვნული გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს. ამასთან, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე“, - აღნიშნულია ახალ დოკუმენტში.

გარდა ამისა, უკვე დამტკიცდა, რომ სკოლებში დაინერგება 1 სახელმძღვანელოს პრინციპი, სკოლაში მხოლოდ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული 6 წლის ბავშვები შევლენ, რომლებიც საცხოვრებლის მიხედვით დარეგისტრირდებიან სკოლებში.

„2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება... რესურსცენტრი ჩამოყალიბდება როგორც პროფესიული მხარდაჭერის ცენტრი, შემუშავდება მობილურების გამოყენების წესი“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203