მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში
27-01-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები ფიზიკას ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ. მათ სასწავლო შემართებაზე პედაგოგი ვერა შეყელაძე ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ აქტივობებს სთავაზობს და გასვლითი პროექტებითაც ანებივრებს. 

მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ვიზიტი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში -  „ექსპერიმენტორიუმში“. 

VII კლასის მოსწავლეები, მუზეუმს, პედაგოგ ვერა შეყელაძის ხელმძღვანელობითა და  დამრიგებელის - ნათია ხურცილავას თანხლებით ესტუმრნენ. 

მნიშვნელოვანია ვიზიტის მიზანი და აქტუალობა. მე-7 კლასი ფიზიკის შესწავლის საწყისი ეტაპია, სადაც უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაღვივება.

ექსპერიმენტორიუმში“ სტუმრობის მთავარი მიზანი იყო თეორიული ცოდნის (ძალა, წნევა, ოპტიკური მოვლენები, მექანიკა) პრაქტიკული გააზრება ინტერაქტიული ექსპონატების მეშვეობით.

ვიზიტის განმავლობაში მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, თავად გამხდარიყვნენ ექსპერიმენტატორები.

მათ პრაქტიკულად გამოსცადეს:

  • ბერკეტის პრინციპი: როგორ შეუძლია მცირე ძალას დიდი ტვირთის აწევა;
  • ოპტიკური ილუზიები: როგორ აღიქვამს ჩვენი თვალი სინათლესა და გამოსახულებას;
  • აკუსტიკური მოვლენები: ბგერის გავრცელების თავისებურებები.

აღსანიშნავია მიღწეული შედეგებიც:

„მოსწავლეების ჩართულობა იყო მაქსიმალური. განსაკუთრებით აღსანიშნავია დამრიგებლის, ნათია ხურცილავას მხარდაჭერა ჯგუფური დინამიკის მართვაში, რამაც საშუალება მომცა, თითოეული ექსპონატის ფიზიკურ არსზე უფრო დეტალურად მესაუბრა. ბავშვებმა დაინახეს, რომ ფიზიკა არ არის მხოლოდ ფორმულების ერთობლიობა, არამედ სამყარო, რომელიც ჩვენ ირგვლივაა“,- გვეუბნება ფიზიკის პედაგოგი. 

სამომავლო პერსპექტივაზე საუბრისას პედაგოგი აღნიშნავს, რომ ვიზიტმა აჩვენა - არაფორმალური განათლების გარემო საუკეთესო საშუალებაა რთული კონცეფციების ასახსნელად. მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე,მომდევნო გაკვეთილებზე ვგეგმავთ მცირე პრეზენტაციების მომზადებას იმ ექსპერიმენტების შესახებ, რომლებმაც მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ვიზიტი იყო წარმატებული და ნაყოფიერი. ვფიქრობ, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მზაობას“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილიეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203