
ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ არა ის, რომ კონკურენცია შევზღუდოთ, არამედ სწავლების ხარისხი ავწიოთ, - ასე განმარტა განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების რეფორმის პრინციპი - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.
„ჩვენი კონცეფციის მიხედვით განვიხილავთ 2 მთავარ ქალაქს, დღეს არსებული საგანმანათლებლო კონცეფციის მიხედვით კი გვაქვს ერთი მთავარი საგანმანათლებლო ქალაქი - თბილისი, სადაც პროგრამების 85% და 4-5 სახელმწიფო უნივერსიტეტია კონცენტრირებული ერთი და იგივე პროგრამით: სამართალი, ეკონომიკა ან ბიზნესი... სტუდენტი შემოხაზავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს, ან ეკონომიკის ფაკულტეტს, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში... და ასე შემდეგ. გადუალებული, პრაქტიკულად ერთი და იგივე შინაარსის პროგრამებია, სადაც ხარისხი ავტომატურად ვარდება.
რატომ ვარდება? - უმარტივესი საკითხია. შემოხაზა პირველი, ვერ მოხვდა, ხვდება მეორეზე, ან მესამეზე, ან მეოთხე-მეხუთეზე... ქვემოთა რგოლზე გადასვლა ნიშნავს, რომ მისი ქულები არ ჰყოფნის ზედას. ანუ ხარისხობრივი პარამეტრებით მისაღებ გამოცდაზე დაბალი ქულა მიიღო და მაინც ჩაირიცხა...
ჩვენი ამოცანა არ არის, რომ აუცილებლად ჩაირიცხოს, ჩვენი ამოცანა არის, რომ მაღალი კატეგორიის სტუდენტები მოხვდნენ, რათა ბაზარზე საბოლოო ჯამში მივიღოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები“, - აღნიშნა ზვიად გაბისონიამ და დასძინა, რომ გარკვეული პროგრამები გადუალდება არა, მაგალითად თბილისში, არამედ ქუთაისში:
„დეკონცენტრაცია გულისხმობს თბილისიდან გარკვეული სტუდენტური კვოტის გაწოვას, იგივე ქუთაისის მიმართულებით. მაგალითად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოდელი, რომ განვიხილოთ - დასავლეთ საქართველოში გაქვს 2 საკმაოდ დიდი უნივერსიტეტი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვფიქრობთ, ისინი უზრუნველყოფს დასავლეთ საქართველოს კვოტირების ნაწილს, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ იურიდიულის, ეკონომიკურისა და სხვა ფაკულტეტების გადუალება მოხდება არა თბილისის შიგნით, არამედ თბილისსა და ქუთაისს შორის“.
მინისტრის მოადგილემ კერძო უნივერსიტეტებზეც ისაუბრა და განმარტა, ეხებათ თუ არა მათ გარკვეული შეზღუდვები უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის თანახმად:
„ცალკე რჩება კერძო უნივერსიტეტები, რომლებშიც არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში არ არის. თქვენ იცით, რომ სამართლის, ბიზნესის და ა.შ. პროგრამები კერძო უნივერსიტეტებს პრაქტიკულად ყველას აქვს. სამართლის 35 პროგრამა გვაქვს ქვეყანაში. ცოტა პარადოქსული მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტობრივი სიტუაცია გაქვს, რომ ამ მიმართულებით არაფერი იზღუდება. ეს არის მცდარად აღქმული - შეგნებულად შეცდომაში შემყვანი ფრაზა, თითქოს ვზღუდავთ ავტონომიურობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამ მიმართულებით ევროკავშირის უამრავი ქვეყანა მიდის. მათ შორის აძლიერებენ პროგრამებს, ამსხვილებენ ამ პროგრამებს იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აიწიოს და რაც შეიძლება მაღალი კატეგორიის სტუდენტები ჩაირიცხონ. ეს არის ძირითადი მიმართულება „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის“ პრინციპისა“.