
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე წულძე რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ტვ პირველს “ დაუდასტურა.
ბოჭორიშვილის თქმით, ალექსანდრე წულაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება მან და ირაკლი კობახიძემ მიიღეს.
დანიშვნის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის. უცნობია, წულაძე როდიდან შეუდგა ახალ თანამდებობაზე მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წულაძე განათლების მინისტრი დაახლოებით 8 თვე იყო. მან პოსტზე გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლა. წულაძე 2024 წლის ოქტომბერში დაინიშნა მინისტრად, ხოლო 2025 წლის ივნისის ბოლოს თანამდებობა დატოვა. ალექსანდრე წულაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იგი მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე იყო. 2023 წლის ჩათვლით კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
„მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი, მით უმეტეს, მაშინ როცა ადამიანს უშვებ მაღალ თანამდებობაზე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში“, - განუცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ტვ პირველს“.