„პრაქტიკოსი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს მასწავლებლის სტატუსს​“ - როგორ გახდებიან უფროსები 1,4,7 და 10 კრედიტქულაზე გამოცდაჩაბარებულები
24-01-2026

​მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემით, პრაქტიკოსის სტატუსი აღარ არსებობს - არიან უფროსი, წამყვანი, მენტორი პედაგოგები, თუმცა ფაქტია, არაქართულენოვან სკოლებში პრაქტიკოსები წლებია მუშაობენ და 2025 წელსაც მათ ჰქონდათ საშუალება, სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა ჩაებარებინათ.

ვინც წარმატებით დაადასტურა კომპეტენცია, ბუნებრივია, უფროსის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსმა პედაგოგმა ზღვრის გადასალახად საჭირო ქულა ვერ მიიღო? რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა სკოლას უფლება, ასეთ პედაგოგს ხელშეკრულება შეუწყვიტოს?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კარიერული წინსვლის სქემაში განმარტებულია, რომ: „არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს“.

პრაქტიკოსებს შეეძლებათ, გაიარონ პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რის შემდეგაც, მიენიჭებათ უფროსის სტატუსი.

გთავაზობთ განმარტებებს:

2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ გაივლის (ან გავლილი აქვს) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ქართული ენის კურსს ან წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს და საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგების გათვალისწინებით მიენიჭება 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულა. მას უფლება მიეცემა, გაიაროს პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგკურსი, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

უფროსის სტატუსი მიენიჭებათ ასევე მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან რუსულენოვან სკოლებში/სექტორებზე რუსულს, როგორც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ჩაბარებული ან ნაწილობრივ დადასტურებული აქვთ რუსული, როგორც უცხო ენის გამოცდა.

გარდა ამისა, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია  დადასტურებული აქვთ მინიმუმ 1 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ხოლო ვისაც 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საგნობრივი კომპეტენცია 10 კრედიტქულაზე აქვს დადასტურებული, ასევე მიენიჭება უფროსის სტატუსი.

2026 წლის პირველი იანვრისთვის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სექტორებზე დასაქმებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2026 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ 10 კრედიტქულაზე, მიენიჭებათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

როგორ ანგარიშდება გამოცდაზე მიღებული შედეგი კრედიტქულად:

საგნის გამოცდის ტესტის მაქსიმალური ქულის %

კრედიტქულა

60-იდან ზემოთ

10

50-იდან 60-მდე

7

40-იდან 50-მდე

4

30-იდან 40-მდე

1

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203