3 ძირითადი პრინციპი, რომელსაც ესგ ეფუძნება - ინფორმაციის ცოდნა თითოეული პედაგოგისთვის სავალდებულოა
25-03-2026

ეროვნული სასწავლო გეგმა სამ ძირეულ პრინციპს ეფუძნება: სიღრმისეული სწავლა; პოზიტიური სასწავლო გარემო და ინკლუზიური განათლება. რას გულისხმობს თითოეული მათგანი და რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა.

სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს: მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას; ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;  სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა); მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.

პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს პირობებს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას: კრიტიკული აზროვნება - მოსწავლეს  ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;

შემოქმედებითობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან,  ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები,  დაგეგმოს და შეიმუშავოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;

თანამშრომლობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;

კომუნიკაცია - მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე  არავერბალურად  კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;

ხასიათი/ნებელობა - მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი; 

მოქალაქეობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების  ჩამოყალიბების პროცესში.

ინკლუზიური განათლება გულისხმობს: ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას; მრავალფეროვნების დაფასებას; რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას; ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას; მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე; სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203