გამოცხადდება თუ არა სკოლებში დამატებითი არდადეგები? - სამინისტროში ფაქტს არ ადასტურებენ და არც სტატისტიკას ასაჯაროებენ
რამდენიმე დღიანი გადაუღებელი თოვლის გამო დედაქალაქში და რეგიონების ნაწილში გადაადგილების პრობლემები შეიქმნა. მოახდინა თუ არა სასწავლო პროცესის განახლებზე გავლენა უამინდობამ, ყველა სკოლაში დაიწყო თუ არა სასწავლო პროცესი 20 იანვარს და ხომ არ აპირებენ დამატებითი არდადეგების გამოცხადებას - ამ კითხვებით განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა უწყებაში კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს.
როგორც ცხელ ხაზზე განგვიცხადეს, რამდენ საჯარო სკოლაში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ან არის თუ არა რომელიმე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა შეჩერებული, ვერ გვეტყვიან. არც დამატებითი არდადეგების შესახებ აქვთ ინფორმაცია, თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სკოლების ნაწილში, მათ შორის თბილისში, სწავლა დღეს, 20 იანვარს არ განახლებულა.
იმ სკოლებში კი სადაც სწავლა განახლდა, მასწავლებლები მოსწავლეთა განსაკუთრებულ სიმცირეზე საუბრობენ. თავის მხრივ სასწავლო პროცესის რამდენიმე დღით შეჩერების სურვილს გამოთქვამენ მშობლებიც, რომლებიც უამინდობის გამო გადაადგილების საშიშროებაზე საუბრობენ:
„სკოლამ კი დაიწყო სწავლა, მაგრამ ბავშვები ვერ მიდიან, უგზოობის გამო უნდა გადაიდოს სწავლა“;
„ამ თოვლში ძალიან საშიშია და წესით, სწავლა უნდა გადაიდოს ორშაბათამდე“;
„ლოტკინზე შეამოწმეთ გზები, საშინელებაა, ტრანსპორტი ვერ დადის, როგორ გავუშვა სკოლაში ბავშვი, როცა მე თვითონ მიჭირს სიარული. მთელი ქალაქი თოვლჭყაპშია. ისიც გაარკვიეთ, რატომ არა აქვს ტრანსპორტს საბურავები შეცვლილი და ზამთრის საბურავები რატომ არ უყენიათ“.
„სკოლამ განაახლა სწავლა, მაგრამ ბავშვები ვერ დადიან თოვლის და გაუწმენდავი გზების გამო“.
„განახლდა, მაგრამ გათბობა არ იყო ჩართული ამ ცივ ამინდში და უკან წამოვიდნენ ბავშვები“.
„რაიონებში კლასში 2 ან 3 ბავშვია, ვერც ახალ მასალას ახსნი და ამ შემთხვევაში უნაყოფოა მათი სკოლაში ყოფნა“.
„ვისაც ფეხით უწევს სკოლამდე მისვლა, ყველა სველდება და როგორ უნდა იყვნენ მთელი დღე სველი და გაყინული ფეხებით. დაცივდებიან ბავშვები ამაზე არ ფიქრობენ ნეტა?“
„მცირე რაოდენობით მოვიდნენ. თოვლის გამო ხეებს ტოტები ტყდება, კინაღამ ფანჯარა გატეხა ტოტმა, თვლის სიმძიმისგან რომ მოტყდა. ფანჯარასთან მჯდომი მოსწავლე გადავსვი“.
„სკოლებთან რომ გაიწმინდოს გზა კარგი იქნება“.
„თოვლი არასდროს უშლიდა ხელს სწავლას, მით უმეტეს სოფლებში, რომლებიც ზამთარში სულ დათოვლილი იყო“.
„განაახლა ნიშნავს, ბავშვებმა იარონ. ვერ ვუშვებთ ბავშვებს ფიზიკურად“.
„სველი ფეხებით მოვიდნენ უკან ჩემი შვილები, არც გათბობა იყო სკოლაში წესიერიო, დაეკეტათ ეს კვირა რა მოხდებოდა?“