„ერთი მოსწავლეც რომ იყოს, მისთვის გავხსნით მე-12 კლასს... რეგისტრაცია 6 თვით ადრე გამოცხადდება“ - მინისტრი სასკოლო რეფორმაზე
20-01-2026

ზოგადი განათლების რეფორმის შეჯერებული დოკუმენტი მთავრობას სავარაუდოდ იანვრის ბოლომდე წარედგინება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა და დასძინა: „ეს მოგვცემს საშუალებას დავიწყოთ ფართომასშტაბიანი სასკოლო რეფორმა“...

მიქანაძემ რამდენიმე განმარტება მე-11-12 კლასების შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასებზე რეგისტრაცია წინსწრებით, ექვსი თვით ადრე გამოცხადდება, თუმცა ორივე ატესტატს ერთი და იგივე იურიდიული ძალა ექნება:

„ის საკითხი, რაც მე-11 და მე-12 კლასს ეხებოდა, არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში ბოლონიის პროცესთან! საკითხი შევისწავლეთ და საზოგადოებას ვთავაზობთ, გადავიდეთ 11-წლიან სწავლებაზე - გვაქვს პასუხისმგებლობა  11 წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემა და ამის შემდეგ, თუკი ვინმეს სურვილი ექნება, ნებაყოფლობითობის თვალსაზრისით, ჩვენ გავხსნათ მე-12 კლასს მათთვის, ვინც დარეგისტრირდება, წინსწრებით, 6 თვით ადრე... ეს იქნება ღია რეჟიმი და ერთი მოსწავლეც რომ დარეგისტრირდეს, მისთვის გავხსნით მე-12 კლასს, მისივე საცხოვრებელი ადგილის მახლობლად და უზრუნველვყოფთ სასწავლო პროცესს, თუმცა 11 და 12 კლასის ატესტატებს ერთი და იგივე იურიდიული ძალა ექნება“.

შეგხასენებთ, რომ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია საზოგადოებისთვის დეკემბრის დასაწყისში წარუდგინა სამინისტრომ და ის არაერთ ძირეულ ცვლილებას ითვალისწინებს: მათ შორის, 1-6 კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის დაწესებას, მობილურების აკრძალვას, ახალი სახელმძღვანელოების შექმნას და 11 წლიან სწავლებაზე გადასვლას, მე-12 კლასი კი ნებაყოფლობითი ხდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203