
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ისე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
მათ შორის, სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში, ბიოლოგიის მასწავლებელ შორენა გოგალაძისა და ქიმიის მასწავლებელის - თეონა ბენდიანიშვილის ხელმძღვანელობით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ დაგეგმილ მასშტაბურ, სასწავლო- შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთვნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო-პრაქტიკული ბაზები და „ისტორიული ტურის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ.
ისინი გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ისტორიას.
შემდეგ კი უნივერსიტეტის მიკრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, ლაბორატორიულ ვორკშოპის ფარგლებში, მოსწავლეებმა ბიოლოგიისა და ქიმიის გადაკვეთის წერტილები იპოვეს.
ისეთ რთულ საკითხებს, როგორიცაა ციტოლოგია, გენეტიკა და მეტაბოლიზმი, ქვევრში მიმდინარე ბიოტექნოლოგიურმა პროცესებმა სულ სხვა ელფერი შესძინა. მოსწავლეები ადგილზე დააკვირდნენ უჯრედულ სუნთქვასა და ფერმენტაციას (დუღილს), რაც მათ დაეხმარა თეორიული ცოდნა დაეკავშირებინათ პრაქტიკულ გამოცდილებასთან.
მოსწავლეებმა გააცნობირეს, როგორ გამოიყენება მეცნიერება ქვეყნის სტრატეგიულ დარგებში და რამდენად მნიშვნელოვანია, როცა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახის კედლებს სცდება.
„ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) პროფესიული ორიენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯიც იყო“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: