
რა ხდება, როცა მოსწავლის გაკვეთილზე არ მიდის ან საპატიო მიზეზის გარეშე აგვიანებს და როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი ან/და დამრიგებელი - დეტალური ინსტრუქცია და მიტითებები კანონითაა გაწერილი.
1. საპატიო მიზეზით მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შეატყობინოს მოსწავლის კლასის დამრიგებელს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი საგნის მასწავლებლის ინფორმირებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ შესაბამისი საგნის მასწავლებელი არ არის ინფორმირებული, შესაბამისი საგნის მასწავლებელი მოსწავლის დაგვიანების/საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კლასის დამრიგებელს/უფლებამოსილ პირს. კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაადგინოს მისი მიზეზი.
3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ, კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული აცნობოს მანდატურსა და სკოლის დირექციას.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა საგაკვეთილო პროცესზე და აღნიშნულის შესახებ არ არის ინფორმირებული მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი, ამასთან ვერ ხერხდება მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, მანდატური/უფლებამოსილი
პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს „112“-ს.
5. თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/დაგვიანება გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, მანდატური/უფლებამოსილი პირი ფაქტის შესახებ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის/მობილური ჯგუფის გამოძახება, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.
7. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).