
პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინტერაქტიული მეთოდია, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები კვლევით და შემოქმედებით უნარ-ჩვევებს ივითარებენ. ამას გარდა, მოზარდებს ეძლევათ საკომუნიკაციო უნარების დახვეწის შესაძლებლობაც.
გაითვალისწინეთ: მასწავლებელი ამ მოდელში არა ექსპერტის, არამედ – ფასილიტატორის საქმეს ასრულებს. ის არის იმ გარემოს შემოქმედი, სადაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იყვნენ დამოუკიდებლები, მკვლევარები, გადაწყვეტილების მიმღებნი და გარკვეულწილად, მასწავლებლის თანამშრომლები.
etaloni.ge გთავაზობთ პროექტის შედგენის მარტივ ინსტრუქციას, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
სასწავლო პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
ინფორმაციის შეგროვება: მოსწავლეები განსაზღვრული საკითხის გარშემო სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებენ ინფორმაციას.
დაგეგმვა: დაგეგმვის ფაზაში, უპირველეს ყოვლისა, პროექტის იდეის, კონცეფციის განვითარება მოიაზრება – რა კეთდება და რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი შედეგი.
გადაწყვეტილების მიღება - ზოგადი მონახაზის შემუშავების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფები / ინდივიდები ინაწილებენ ამოცანებს და ქმნიან შესაბამის ფუნქციურ სქემას.
მონიტორინგი - პროექტის მონიტორინგის პროცესში შეიძლება ჩართული იყოს მასწავლებელიც.
შეფასება ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტივობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ამ ეტაპზე შესაძლებელი ხდება პროექტის პროცესისა და შედეგების რეფლექსია – ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი.