„საახალწლო ტრადიციები და ინტერკულტურული დიალოგი“ - საინტერესო პროექტი რცხილათის საჯარო სკოლაში
12-01-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის - სუზი ცერცვაძის, ხელოვნების პედაგოგ მზია კაპანაძის და მუსიკის მასწავლებელ ლელა მესხორაძის ერთობლივი ხელმძღვანელობით, წარმატებით განხორციელდა სასწავლო-შემოქმედებითი პროექტი - „საახალწლო ტრადიციები და ინტერკულტურული დიალოგი“.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს რამდენიმე მიმართულებით, რაც მიზნად ისახავდა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობასა და უცხოური ენის კომპეტენციის გაღრმავებას.

პროექტი მოიცავდა საინტერესო აქტივობებს: მოსწავლეებმა შეისწავლეს და აუდიტორიას წარუდგინეს მასალა ქართულ საახალწლო ტრადიციებზე.

მათ ლექსებისა და პრეზენტაციების სახით გადმოსცეს, თუ როგორი თვითმყოფადობით ხვდება საქართველოს თითოეული კუთხე ახალ წელს.

ინტეგრირებული სწავლებისთვის პროექტის ფარგლებში დაიდგა ინგლისურენოვანი პიესა.

მოსწავლეებმა განასახიერეს ტყის ცხოველები, რაც დაეხმარა მათ როლური თამაშების საშუალებით აეთვისებინათ საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებული ლექსიკა და კომუნიკაციის უნარები.

პერსონაჟებმა ინგლისურ ენაზე გაუზიარეს ერთმანეთს სურვილები და მოლოდინები თოვლის პაპისგან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მუსიკალურ და შემოქმედებით ნაწილში პროექტის პრაქტიკული რეალიზაცია მოხდა ქართული და ინგლისურენოვანი სიმღერების შესრულებით, რაც ხელს უწყობდა ორენოვანი გარემოს შექმნას.

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და მიწვეული სტუმრები.

ზეიმის დასასრულს, პროექტის ერთგვარი შეფასების სახით, თოვლის პაპამ მოსწავლეებს ინგლისურ ენაზე მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და სიმბოლური საჩუქრები დაურიგა.

„აღნიშნულმა აქტივობამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ ნასწავლი მასალის საზეიმო და არაფორმალურ გარემოში გამოყენება. პროექტი „საახალწლო ტრადიციები და ინტერკულტურული დიალოგი“ დასრულდა დასახული მიზნების სრული მიღწევით - გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, მოტივაცია და გაღრმავდა ცოდნა, როგორც მშობლიური კულტურის, ისე უცხოური ენის მიმართულებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203