
15 წლის ბელგიელმა მოზარდმა კვანტურ ფიზიკაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. მას „პატარა აინშტაინი“ შეარქვეს. საუბარია ლორან სიმონსზე, ანტვერპენის უნივერსიტეტის სტუდენტზე. ამის შესახებ Science Alert წერს.
ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო, თუმცა ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, რადგან შესადარებლად რეალური რეიტინგული სისტემა არ არსებობს.
რა ვიცით პატარა გენიოსის შესახებ?
ლორან სიმონსი 2010 წელს ბელგიაში დაიბადა. ის ფართო საზოგადოებას თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო გაცნო. მან სწავლა ოთხი წლიდან დაიწყო, 6 წლისამ კი დაწყებითი სკოლა დაამთავრა. 10 წლის ასაკში მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში ეინდჰოვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებულია მსოფლიოში.
როდესაც 11 წლის იყო, საკუთარ თავს ამბიციური მიზანი დაუსახა - უკვდავება ან სულ მცირე სიცოცხლის გახანგრძლივება. ეს ბაბუისა და ბებიის გარდაცვალების შემდეგ მოხდა. ის ამბობს, რომ ეს მისთვის არ არის, ეს სხვებისთვისაა. ლორანს მომავალში სამედიცინო მეცნიერებების შესწავლა სურს.
12 წლის ასაკში ბიჭი კვანტური ფიზიკის დარგში მაგისტრი გახდა. მან სამწლიანი პროგრამა 18 თვეში დაასრულა. მოზარდს აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება, მისი IQ-ს დონე 145 შეადგენს.
ლორანის მშობლები ექიმები არიან და დიდი ყურადღება დაუთმეს მის განათლებას. როგორც ისინი ამბობენ, ლორანის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები ბავშვობიდანვე აშკარა იყო.