
მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალი სქემა დამტკიცებულია და ისიც ცნობილია, რომ წამყვან-მენტორობის მსურველ პედაგოგებს გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ; თუმცა კითხვა უამრავია და ისიც უდავოა, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განმარტებებს საჭიროებს. etaloni.ge გთავაზობთ სქემის მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინების განმარტებებს ოფიციალური დოკუმენტიდან:
ა) მასწავლებელი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით“ (შემდგომ – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;
გ) მასწავლებლის სტატუსი – უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, რომელიც მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - პირი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი და რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასწავლის არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სექტორზე;
ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
ვ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;
ზ) მენტორი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი;
თ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ი) უფროსი სპეციალური მასწავლებელი - სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;
კ) წამყვანი სპეციალური მასწავლებელი – სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;
ლ) მენტორი სპეციალური მასწავლებელი – სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან ამ სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი;
მ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომ - ელექტრონული სისტემა), რომლის საშუალებით ხდება მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსების, შეფასების შედეგებისა და საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა და რომელიც წარმოადგენს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებად ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს.
ნ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასება - მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების/სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგებს, სკოლისა და/ან მუნიციპალიტეტის დონეზე შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ განხორციელებულ შეფასებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების სპეციალური კურსი;
ო) საგნის გამოცდა – მასწავლებლობის მსურველის ან პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება/დადასტურება, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
პ) საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება – მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
ჟ) სპეციალური მასწავლებლის გამოცდა − უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;
რ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა - ნებაყოფლობითი პროცესი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერულ ზრდას სწავლა-სწავლების, მართვა/ადმინისტრირებისა და საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით სკოლისა ან მუნიციპალიტეტის დონეზე;
ს) სწავლა-სწავლების მიმართულება - ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში სწავლა-სწავლების/ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და განვითარების მეთოდოლოგიური მხარდაჭერის მიმართულებით.
ტ) მართვა/ადმინისტრირების მიმართულება - ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე. უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას მმართველობითი/ძირითადი/დამხმარე პროცესების მართვის მიმართულებით.
უ) საგანმანათლებლო კვლევის მიმართულება - ფოკუსირებულია სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების ხელშეწყობასა და განვითარებაზე. უზრუნველყოფს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის წინსვლას საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით;
ფ) კომისია – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაბამის დონეზე უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განაცხადს და ანიჭებს მას შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას, აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს და რომლის საქმიანობის წესიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ქ) შეფასების ინსტრუმენტები – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ შესაბამისი ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეფასების საშუალება, რომელიც დამტკიცებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ღ) სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების სპეციალური კურსი (შემდგომში - სპეციალური კურსი) - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული წამყვანი მასწავლებლის/ წამყვანი სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/მენტორი სპეციალური მასწავლებლის შესაბამისი მიმართულების მიხედვით სტატუსისა და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოსაპოვებელი კურსი;
ყ) თვითშეფასება - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, უწყვეტი განვითარების მიზნით, საკუთარი საქმიანობის შესწავლის, ანალიზისა და შეფასების პროცესი;
შ) ფუნქცია - მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაბამის დონეზე, იდენტიფიცირებული საჭიროების შესაბამისად, კარიერული წინსვლის რომელიმე მიმართულებით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობა;
ჩ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება აღნიშნული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა;
ც) სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა − მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ძ) პროფესიული უნარების გამოცდა – წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შესაბამისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება, რომელსაც ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.