საგამოცდო ცენტრებიდან აბიტურიენტების ნაწილი უკვე გამოვიდა. ისინი Etaloni.ge -სთან საუბრისას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეოთხე ვარიანტს აფასებენ და საგამოცდო ცენტრებში არსებულ პირობებზე საუბრობენ.„მშვიდ და გრილ გარემოში მიმდინარეობს გამოცდები. თემებიც არ იყო რთული, მხატვრულ ანალიზში ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანიდან?!“ ლუარსაბის ქორწილის ეპიზოდი მოვიდა. მე მეორე საკითხი, ტიციან ტაბიძის ლექსი „მეარღნეები და პოეტები“ დავწერე. ესეს თემა კი ტერორიზმს შეეხებოდა," - აღნიშნავს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ჯონი ჯონჯუა.
„თემა იყო ტერორიზმსა და ძალადობაზე, მხატვრული ტექსტი „კაცია- ადამიანიდან“, მეორე საკითხი კი ტიციანის ლექსი შემხვდა, მარტივი ტესტი იყო, ვფიქრობ, კარგად დავწერე. გარემო კარგი იყო, მშვიდი და გრილი, მთლიანად საკითხებზე ვიყავი კონცენტრირებული“ - ანა ნასყიდაშვილი, აბიტურიენტი თბილისის N147 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.
„ლუარსაბ თათქარიძის ქორწილიდან იყო ეპიზოდი. უნდა გვემსჯელა დარეჯანის მამის მხატვრულ სახეზე, გაგვეანალიზებინა მთავარი სათქმელი, ნაწარმოების დაწერის სტილი და ენა, ბოლოს კი საკუთარი აზრი დაგვეფიქსირებინა. ესე კი შემდეგი შინაარსის იყო: ძალადობა, რომელიც ტერორიზმის სახეს იღებს, თუ მასზე თვალს დავხუჭავთ,“ - მარიამ გოგია, აბიტურიენტი თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.
„საკმაოდ მარტივი ტექსტი იყო, არ გამჭირვებია წერა. დროც მაქსიმალურად გამოვიყენე. აუდიტორიაში გრილოდა, კარგი პირობები იყო შექმნილი,"- აბიტურიენტი ლაშა მანჯგალაძე თბილისის N147 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან.