საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საახალწლო ღონისძიება
08-01-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო სემესტრი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

მოსწავლე-მასწვლებლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. ღონისძიება დაწყებითი კლასების მასწავლებლების - რ. ბოლქვაძისა და გ. ბერიძის და ხელოვნების პედაგოგის - ნ.არძენაძის ჩართულობით გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ. თეატრალურმა წარმოდგენებმა, მუსიკალურმა და საცეკვაო ნომრებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა და სასკოლო საზოგადოება ახალი დიადი მიზნების გარშემო გააერთიანა. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი გურანდა ბერიძე. 

„ახალი წელი მხოლოდ კალენდრის შეცვლა არ არის, ეს არის გაჩერება, გადახედვა და მადლიერების გამოხატვა, ძველი წლის მადლიერებით გაცილება და ახალი წლის-ახალი იმედებით შეხვედრა.

ჩვენთვის ეს წელი განსაკუთრებული იყო, რადგან შევძელით ის, რაც ყველაზე ძვირფასია - ერთ სივრცეში შეგვეკრიბა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი როგორც ერთი ჯაჭვის რგოლი, ერთმანეთზე მჭიდროდ გადაბმულნი.

ეს საახალწლო გასვლითი ღონისძიება არ იყო უბრალოდ გასეირნება, ეს იყო ღიმილი, გულწრფელი საუბრები, სითბო, სიცილი და ის უხილავი კავშირი, რომელიც მხოლოდ ნდობით, ურთიერთპატივისცემითა და საერთო მიზნებით იქმნება.

მასწავლებელი — რომელიც ყოველდღე შრომობს, ასწავლის და სჯერა;

მოსწავლე — რომელიც სწავლობს, ოცნებობს და იზრდება;

მშობელი — რომელიც გვერდით დგას, ამხნევებს და მხარს უჭერს.

როდესაც ეს სამი ერთიანდება, იქ იქმნება გარემო, სადაც ბავშვი თავს დაცულად, თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს.

მადლობა ყველას, ვინც ამ დღეს აზრი და სული შთაჰბერა.

მადლობა თითოეული ღიმილისთვის, თბილი სიტყვისა და იმ წუთებისთვის, რომლებიც კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ახალი წელი იყოს კიდევ უფრო მეტი ერთიანობის, გაგების, წარმატების და ბედნიერი დღეების მომტანი.

ვიყოთ ისევ ერთად — ერთ გუნდად, ერთ ოჯახად ერთი ჯაჭვი. მრავალი შობა ახალი წელი მოგველოცოს სიყვარულითა და პატივისცემით“,- აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი გურანდა ბერიძე. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203