
თბილისის N106 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება - „კინოს დაბადებიდან ქართულ ეკრანამდე“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური, კულტურული და ესთეტიკური ცნობიერების ამაღლება, ხელოვნების მიმართ ინტერესისა და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავება.
პროექტი ხელოვნების პედაგოგის - ხათუნა რობაქიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
როგორც პედაგოგი გვიყვება, ღონისძიება დაეფუძნა კინოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებს - მე-19 საუკუნის ბოლოს დაწყებულ ეპოქას, როცა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა მოძრავ გამოსახულებას სული შთაბერეს და 1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში პირველი საჯარო კინოჩვენება გაიმართა. ეკრანზე წარმოდგენილმა, ერთი შეხედვით, უბრალო კადრებმა - ქარხნიდან გამოსული მუშები და მატარებლის შემოსვლა სადგურში, სულ ახალი გვერდი გადაშალა კაცობრიობის კულტურულ ისტორიაში და ახალი ხელოვნება შექმნა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ გავრცელდა კინოს ხელოვნება მსოფლიოს მასშტაბით და როგორ მოაღწია მან საქართველომდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 1908 წელს გადაღებულ ფილმს - „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც ქართული კინოს პირველი ისტორიული ნაბიჯად არის აღიარებული. მოსწავლეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ გახდა კინო ჩვენს კულტურაში ეროვნული იდენტობის, ემოციის, ტრადიციისა და სულიერების ამსახველი მნიშვნელოვანი ხელოვნება.
ღონისძიება ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით: მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს საკუთარი ნააზრევი ტექსტები კინოს შესახებ და იმსჯელეს ხელოვნების როლზე ადამიანის ცნობიერების განვითარებაში.
„ჩემი მიზანი იყო, მოსწავლეები აღიზარდონ განათლებულ, ინტელექტუალურ და კულტურულად მგრძნობიარე პიროვნებებად - ადამიანებად, რომლებიც აფასებენ ხელოვნებას და ხედავენ მის მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- აღნიშნავს ღონისძიების ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ღონისძიებამ გაზარდა ინტერესიც, პასუხისმგებლობაც და შემოქმედებითი თვითგამოხატვის სურვილი.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას და აძლიერებს მათ კულტურულ განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: