
საქართველოში საახალწლო სუფრის ტრადიციული ნუგბარი გოზინაყია, რომლის უძველესი ვარიაციები საქართველოს მთიანეთში გვხვდება. მას ამზადებდნენ არა მხოლოდ თხილისა და ნიგვზისგან, არამედ ჩირეულისგანაც, როგორიც არის: ვაშლისა და მსხლის ჩირი, რომელსაც თაფლში ხარშავდნენ ცოტაოდენი შაქრის დამატებით და შემდგომ აშრობდნენ. რაჭაში გოზინაყს დღესაც გოგრის თესლისგან აკეთებენ.
საქართველოში თაფლი და ნიგოზი ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან ითვლებოდა წმინდა საკვებად. ქართულ კულტურაში ნიგოზს სიმბოლური დატვირთვაც აქვს და ბუნების მფარველ ძალას, ძლიერებას განასახიერებს. ის უბრალოდ გემრიელი ტკბილეული როდია - ბარაქის, კეთილდღეობის სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ამიტომ საახალწლო სუფრა გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია.
ხოლო იმისთვის, რომ საუკეთესო ნამზადი გამოგივიდეთ, გთავაზობთ რჩევებს:
აჯობებს წაბლის თაფლი არ გამოიყენოთ, რომელსაც თავისებური არომატი აქვს და სიმწარეც დაჰკრავს, ღია ფერის თაფლი უკეთესია, თუმცა შეგიძლიათ ერთი-ორი სუფრის კოვზი წაბლის თაფლიც შეურიოთ არომატისთვის.
მომზადებულ თაფლს კი ნიგვზის ჩაყრამდე, დაუმატეთ ერთი-ორი სუფრის კოვზი შაქარი.
თაფლი მოათავსეთ დიდ, განიერ და ღრმა თუჯის ან გრანიტის ტაფაში (32-სმ-იანი კარგი იქნება), ძალიან დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ, რათა არ დაგეწვათ;
თაფლი არ აადუღოთ, 3-ჯერ გააციეთ, დაუმატეთ შაქარი და შემდეგ თაფლში ჩაყარეთ ნიგოზი.
4-5 წუთის განმავლობაში ფრთხილად ურიეთ, რომ ნიგოზი თაფლში კარგად აირიოს, მაგრამ არ დაქუცმაცდეს.
მომზადებული გოზინაყის ცხელი მასის გასაბრტყელებლად მხოლოდ ხის ფიცარი გამოიყენეთ, რომელიც წინასწარ უნდა დაასველოთ.
ფიცარზე გადაიტანთ თუ არა, გოზინაყის ცხელი მასა მაშინვე გააბრტყელეთ, რომელსაც პერიოდულად წყლით დაასველებთ. თუ შეძლებთ, ჯობია ხელით გააბრტყელოთ, თან პერიოდულად ხელი ცივ წყალში დაისველეთ.
გაბრტყელებულ გოზინაყს ნუ გააცივებთ, 4-5 წუთის შემდეგ დაჭერით, სანამ თბილია. დაჭრისას დანა დროდადრო ცივ წყალში დაასველეთ.
პროპორციებს რაც შეეხება: 2 ჭიქა ნიგოზს, სჭირდება ნახევარი ჭიქა თაფლი და 1 სუფრის კოვზი შაქარი.