
ინფორმაციის სიზუსტე, ობიექტურობა, ოპერატიულობა... - etaloni.ge-ს პრინციპები 2025 წელსაც უცვლელი გახლდათ! და სწორედ ამ მიდგომებმა განაპირობა ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლის რაოდენობის ზრდაც - ათასობით სტატია, 28 მილიონზე მეტი ვიზიტორი, 1000-ზე მეტი საჯარო და კერძო თანამოაზრე სკოლა...
ასეთია Etaloni.ge-ს დიდი ოჯახის განვლილი, 2025 წელი რაოდენობრივ მაჩვენებლებში, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსკლუზიური მასალების და ოპერატიულად გაშუქებული საგანმანათლებლო სიახლეების მიღმა, „ეტალონის“ მედიაჯგუფის თავდაუზოგავი შრომა დგას.
მკითხველი არაერთ ექსკლუზიურ მასალას, სწორედ etaloni.ge-ზე გაეცნო:
პირველ ყოვლისა, 2025 წლის აბიტურიენტებმა, სწორედ etaloni.ge-სგან შეიტყვეს, რომ ქართულისა და ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან რიგი საკითხები გახლდათ ამოღებული და 2026 წლის აბიტურიენტებისთვისაც etaloni.ge-მ გააჟღერა ინფორმაცია, შარშან ამოღებული საგამოცდო მასალის ტესტებში დაბრუნების შესახებ.
etaloni.ge-მ მოიპოვა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემის დოკუმენტი, რომელიც მართალია ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ წამყვან-მენტორობის მსურველი პედაგოგები გამოცდას აღარ ჩააბარებენ;
etaloni.ge იყო პირველი მედიასაშუალება, რომლის დამსახურებითაც საზოგადოებამ შეიტყო სკოლებში მე-12 კლასის სავარაუდო გაუქმების შესახებ და დღეს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტით დადასტურდა, რომ საჯარო სკოლები 11 წლიან სწავლებაზე გადავლენ!
etaloni.ge-ს ექსკლუზივი გახლდათ ინფორმაცია, რომ მასწავლებელთა ხელფასები არ გაიზრდებოდა და ასევე, მხოლოდ ჩვენ გავაჟღერეთ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაღებში წინასაახალწლოდ დარიგებული „პრემიების“ შესახებ, რამაც პერსონალის ანაზღაურების 100 პროცენტი შეადგინა.
ასევე etaloni.ge-ს საშუალებით შეიტყო საზოგადოებამ თბილისის ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დანერგვის შესახებ და იმის თაობაზეც, რომ იზრდებოდა სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 4-დან 6 წლამდე.
რა არის 2025 წლის წარმატების საიდუმლო? - პასუხი მარტივია: სასკოლო ცხოვრების მიმდინარეობის გაშუქება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული ყოველდღიურობის, საშემოდგომო, საგაზაფხულო თუ ზამთრის ღონისძიებების ქრონიკების ასახვა, პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელთა ინტერესებზე მორგებული ე.წ. ნიუსფიდი და რაც მთავარია ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნვა იმაზე, მოქალაქეებისთვის ყოველი ინფორმაცია, საგანმანათლებლო მიმართულებით, უმოკლეს დროში, ობიექტურობის სრული დაცვით, ხელმისაწვდომი იყოს.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ მნიშვნელოვანი ამბებისა, რასაც etaloni.ge-ს ერთი წლის ანგარიში მოიცავს! ვამაყობთ, რომ ორი ათეული წელია წარმატებული სკოლების, მათი ღირსეული დირექტორებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების წარმოსაჩენად აქტიურად ვიღწვით და ვაცხადებთ, რომ კვლავაც ვრჩებით ობიექტურობის სადარაჯოზე.
მანამდე კი თქვენთან, ჩვენს ერთგულ მკითხველთან, „ეტალონისა“ და izrune.ge-ს პროექტების თანამოაზრეებთან ერთად ვხვდებით ახალ, 2026 წელს.
გვჯერა, ერთად უამრავ წარმატებას მივაღწევთ, ETALONI.GE კი კვლავ იტყვის ყველაზე ხმამაღალ სიტყვას განათლების მიმართულებით!
გილოცავთ 2026 წლის შემობრძანებას!