
წინასაახალწლოდ სხვადასხვა სამსახურში, მათ შორის განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის ფულადი ჯილდო, პრემია თუ ე.წ. მე-13 ხელფასი გაიცა; გარდა ამისა, ცნობილია, რომ სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურება, 2026 წლიდან 10-ის ნაცვლად, 20 პროცენტით გაიზრდება, თუმცა არც პირველ და არც მეორე გათვალისწინებულნი არ ყოფილან.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ გაჟღერებულა, მასწავლებელთა წრეებში ბოლო რამდენიმე დღეა გააქტიურდა საუბრები საახალწლოდ პრემიების დარიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელშიც ბევრს მსჯელობენ: თავად პედაგოგები ამბობენ, რომ ზოგს 100, ზოგს კი 40 ლარი დაერიცხა პრემიის სახით, თუმცა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არანაირ ფინანსურ წახალისებაზე საუბარი არის.
რა ხდება რეალურად? რატომ ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები და დაურიგდებათ თუ არა პედაგოგებს წინასაახალწლოდ ე.წ. ფულადი ჯილდო? - აქტუალურ კითხვებზე პასუხების მისაღებად, ETALONI.GE განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
ცხელ ხაზზე განმარტეს, რომ სამინისტროს მხრიდან მასწავლებლებისთვის პრემიების დარიგებაზე საუბარი არ არის:
„მიიღებენ თუ არა პრემიებს პედაგოგები? - სამინისტროდან ეს საკითხი არ წამოსულა... რესურსცენტრს მიმართეთ, სრული ინფორმაცია აქვთ“, - ასე განმარტეს ოფიციალურ უწყებაში პედაგოგებისთვის პრემიების დარიგება-არდარიგების საკითხი.