
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, თამარ ჩაკვეტაძემ, X კლასში ჩაატარა საინტერესო და მრავალფეროვანი შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული ღია გაკვეთილი თემაზე - იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“.
გაკვეთილის მიზანი იყო ჰაგიოგრაფიული ტექსტის მთავარი აზრისა და იდეის გაცნობიერება. ისტორიული ეპოქის გააზრება - პასუხის გაცემა კითხვაზე რა მდგომარეობა იყო ქართლში VIII საუკუნეში და რატომ იყო რწმენის დაცვა რთული. გააზრება იმისა, თუ რას ნიშნავს ქრისტეს ერთგულება სიცოცხლის ფასად.
ერთ-ერთი საინტერესო აქტივობა იყო „აბოს გზა“, მოსწავლეებმა შექმნეს აბოს მოგზაურობის რუკა, და თითოეულ პუნქტზე მიაწერეს რა გზა გაიარა მან კონკრეტულ ადგილას. აქტივობის დახმარებით მათ ვიზუალურად გააცნობიერეს, რომ აბოს გარდაქმნა მხოლოდ სარწმუნოებრივი კი არა, გეოგრაფიული სამყაროს შეცვლასაც მოიცავდა.
მოსწავლეებმა „რწმენის ფარის“ დახმარებით სიმბოლურად წარმოაჩინეს აბოს სულიერი სიმტკიცე. ფარზე გამოსახეს ის ზნეობრივი და სულიერი თვისებები, რომლებმაც აბო გააძლიერა და გმირად აქცია, ხოლო ფარისკენ მომართულ ისრებზე გამოკვეთეს ის ცდუნებები, რომელთა გადალახვაც მას უწევდა, ამ აქტივობით მოსწავლეებმა თვალსაჩინოდ დაინახეს ის გარე საფრთხეები, რომლებიც აბომ რწმენის დასაცავად გადალახა.
შეიქმნა „აბოს ღირებულებათა იერარქიის პირამიდა“, მის ფუძეზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს აბოსთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფასეულობები, ხოლო მწვერვალზე გამოკვეთეს უმაღლესი ღირებულებები, რისთვისაც მან სიცოცხლეც კი გასწირა.
„ამ აქტივობამ დაგვანახა, რომ აბოს არჩევანი შემთხვევითი ან ემოციური არ ყოფილა, ეს იყო შეგნებული და გააზრებული გადაწყვეტილება, რასაც იმ ისტორიულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
გაკვეთილის დასასრულს, წარმოადგინეს „აბო თბილელის დღიური“, სადაც მოსწავლეებმა პირველ პირში, დღიურის ფორმით გადმოსცეს აბოს ცხოვრების გზა, გაითავისეს მისი სულიერი ბრძოლა და რწმენის სიმტკიცე..
საერთო ჯამში, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თითოეული აქტივობა მიზანმიმართულად ამყარებდა ტექსტის ღრმა გააზრებას და ხელს უწყობდა ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. გაკვეთილი წარიმართა სასიამოვნო გარემოში, გამოირჩეოდა ინტერესითა და შემოქმედებითი განწყობით, რამაც სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ერთდროულად საინტერესო, შედეგიანი და სახალისო გახადა.
იხილეთ ფოტოები: