საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, ქველმოქმედების მიზნით, საშობაო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
25-12-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და საგნებთან ერთად, სულიერ ფასეულობებს, სიკეთის კეთებასა და კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

ახლახან, მე-4 კლასის დამრიგებლის - ელენე მიროტაძის ორგანიზებით, მოეწყო თბილი და სიხარულით სავსე საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სასკოლო საზოგადოების ერთიანობა, შემოქმედებითი სული და ქველმოქმედების მნიშვნელობა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მხოლოდ მე-4 კლასის მოსწავლეები, არამედ სხვა კლასების ბავშვებიც, რამაც გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული მასშტაბი და მრავალფეროვნება შესძინა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-6 კლასის მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის, ანა ხელაიას თანადგომა და აქტიური მონაწილეობა. საგამოფენო სივრცე სავსე იყო სადღესასწაულო განწყობით, ბავშვების სიხარულითა და სტუმრების ინტერესით.

გასაყიდად წარმოდგენილი იყო მშობლების მიერ სიყვარულითა და ზრუნვით მომზადებული სხვადასხვა სახის ტკბილეული და საკვები: ნამცხვრები, დონატები, ფელამუში, ჩურჩხელა, ქათმის ბურგერები და მრავალი სხვა საშობაო გემრიელობა. თითოეულ დახლს თან ახლდა ბავშვების ენთუზიაზმი და სურვილი, საკუთარი წვლილი შეეტანათ კეთილ საქმეში.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენამ, რომელიც მოეწყო ხატვის მასწავლებლების — ქეთევან დევნოზაშვილისა და ნინო ცარციძის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ნამუშევრები მხოლოდ საგამოფენო დანიშნულებით იყო წარმოდგენილი, თუმცა სტუმრების მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ნახატების ავტორებთან შეთანხმებით მათი გაყიდვაც გადაწყდა. ეს გადაწყვეტილება ბავშვებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა – როგორ შეიძლება შემოქმედება სიკეთის სამსახურში ჩადგეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მთლიანი შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

„საშობაო გამოფენა-გაყიდვა იქცა არა მხოლოდ სადღესასწაულო აქტივობად, არამედ სიკეთის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის ცოცხალ მაგალითად.

აღნიშნული ინიციატივა ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების თანამშრომლობა საერთო ღირებულებების გასაზიარებლად და მომავალი თაობის სწორად აღსაზრდელად. ასეთი ღონისძიებები ბავშვებს უყალიბებს გულმოწყალებას, პასუხისმგებლობას და ერთმანეთის მხარდაჭერის სურვილს – იმ ფასეულობებს, რომლებიც საშობაო სულისკვეთების არსს წარმოადგენს“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203