
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
ახლახან, X-XI კლასების მოსწავლეების მონაწილეობით, იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. აქტივობა მოქალაქეობის (სამოქალაქო განათლების) პროექტული სწავლების ფარგლებში, პედაგოგ ირაკლი პაპავას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პროცესის მსვლელობისას, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებად დაყოფილმა მოსწავლეთა გუნდებმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონით ქალებისა და მამაკაცებისთვის დადგენილი განსხვავებული საპენსიო ასაკის (60 წელი - ქალებისთვის და 65 წელი - მამაკაცებისთვის) საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი განიხილეს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეემუშავებინათ, წარედგინათ და არგუმენტირებულად დაეცვათ საკუთარი პოზიციები, გაეუმჯობესებინათ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.
„დიდი მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის! თქვენი მონდომება და ძალისხმევა ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია! გისურვებთ წარმატებებს სამომავლოდ!“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები: