სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების საყურადღებოდ -  ეს 7 შეცდომა სემესტრის დასრულებამდე უნდა გამოასწოროთ
25-12-2025

ელექტრონულ ჟურნალში, სემესტრის უხარვეზოდ დასრულებასთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სასკოლო საზოგადოებას მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მოგახსენებთ, რომ 2025-2026 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ (2025 წლის 29 დეკემბერი), ელექტრონულ ჟურნალში აისახება მხოლოდ სემესტრის დასაწყისიდან - 05 იანვრის ჩათვლით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) ასახული ინფორმაცია. აქვე გაცნობებთ, რომ 2026 წლის 09 იანვრის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ელექტრონულ ჟურნალში არსებული მონაცემების რედაქტირება.

გთხოვთ, ელექტრონული ჟურნალის წარმოება და სემესტრის უხარვეზოდ დასრულების მიზნებისათვის, ყურადღება გაამახვილოთ თარიღებსა და ქვემოთ მითითებულ საკითხებზე:

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) არასწორად ხორციელდებოდა საგნების დამატება, რაც ელექტრონულ ჟურნალში იწვევდა განსხვავებული შეფასების ტიპის გააქტიურებას. კერძოდ, არჩევითი საგნების დამატება ხორციელდებოდა ძირითად/სავალდებულო საგნებად, შესაბამისად, მათ ელექტრონულ ჟურნალში ჰქონდათ განმსაზღვრელი შეფასება. არჩევითი საგნების დამატების სურვილის შემთხვევაში, არჩეული უნდა იქნას ისეთი საგანი, რომელსაც დასახელებაში მითითებული ექნება „არჩევითი“. რაც შეეხება სავალდებულო დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას, აღნიშნული საგანი დამატებული უნდა იქნას სახელწოდებით „დამატებითი მომსახურება“;

2. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დროულად უნდა იქნას შექმნილი განაყოფები და სწორად გადანაწილებული მოსწავლეები. როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ინფორმაციასაც ელექტრონული ჟურნალი იღებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool). ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს დროულად;

3. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) საგაკვეთილო განრიგიდან დროულად ამოღებული უნდა იქნას ის მოსწავლე/სსსმ მოსწავლე, რომელსაც არ ეკუთვნის აღნიშნულ გაკვეთილზე დასწრება. ასევე, დროულად უნდა იქნეს დამატებული ზემოხსენებული მოსწავლე/სსსმ მოსწავლე არსებული გარემოებების შეცვლის შემთხვევაში;

4. ელექტრონულ ჟურნალში დროულად უნდა იქნას ასახული შეუფასებელი შემაჯამებლის შეფასება;

5. ელექტრონულ ჟურნალში დროულად უნდა იქნას ასახული კერძო სკოლიდან მობილობით გადმოსული მოსწავლეების შემთხვევაში გამშვებ სკოლაში მიღებული შეფასებები და დასწრების მაჩვენებელი;

6. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) დამატებული გაკვეთილი იყო სწორი, თუმცა აღნიშნულ გაკვეთილზე ხორციელდება რაიმე სახის ცვლილება (იცვლება მასწავლებელი, პერიოდი, რიგითობა და ა.შ.), უნდა განხორციელდეს აღნიშნული გაკვეთილის გაუქმება (არავითარ შემთხვევაში წაშლა, ვინაიდან წაშლა იწვევს ელექტრონულ ჟურნალში ასახული ინფორმაციის წაშლასაც და იგი აღდგენას აღარ ექვემდებარება);

7. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool), სკოლის ადმინისტრაციის მიერ, დროულად უნდა განხორციელდეს ჩარიცხული მოსწავლეების გადანაწილება კლასებში/პარალელურ კლასებში. ხოლო მასწავლებლებმა, დროულად ასახონ ინფორმაცია, მოსწავლეთა შეფასებებისა და დასწრების მაჩვენებლის შესახებ ელექტრონულ ჟურნალში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203