ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 სკოლის მე-4 კლასელებმა აკადემიური ქალაქი დაათვალიერეს და ცნობილ პედაგოგებს შეხვდნენ 
25-12-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი მოსწავლეები (პედაგოგი ნანა გოგიტაური)  საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები შეხვდნენ პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელს, პროფესორ გარი ჩაფიძეს, ასევე დიდ პედაგოგებს - გენრიეტა აბესაძესა და ნატო ესიავას.

სტუმრობამდე მოსწავლეები წინასწარ მოემზადნენ: მათ შექმნეს ფერწერული ნამუშევრები ნაძვის ხეებისა და იაკობ გოგებაშვილის პორტრეტის თემაზე. ბავშვები პროფესორის წინაშე ფერად-ფერადი ბუშტებით ხელდამშვენებულები, სიხარულითა და ემოციებით სავსენი, წარდგნენ.

ბავშვებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი აკადემიური და შემოქმედებითი შესაძლებლობები. მათ წაიკითხეს საახალწლო და კლასიკური მწერლების ლექსები, დასვეს საინტერესო და აზრიანი კითხვები.

მოსწავლეებს აინტერესებდათ: რით არის დეკემბერი გამორჩეული თვე, რა სამოსი „აცვია“ ქრისტეშობის თვეს, რა ასწავლა ადამიანებს წელიწადის ბოლო თვემ და როგორ დაახასიათებდნენ საკუთარ თავს პროფესორი და პედაგოგები.

სტუმრებმა დიდი ინტერესით მოისმინეს პროფესორ გარი ჩაფიძისა და მოწვეული პედაგოგების ბავშვობისა და სკოლის პერიოდის მოგონებები, მათი პირველი წარმატებები და ის გზა, რომელმაც პროფესიულ წარმატებამდე მიიყვანა.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა საქართველოს პედაგოგთა კავშირისგან მიიღეს საჩუქრები - ბლოკნოტები, კალმები, გაზეთები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები. ბავშვებმა დაათვალიერეს აკადემიური ქალაქის ულამაზესი ეზო, სადაც განთავსებულია ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის ბიუსტები.

ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

„მე-4 კლასის მატიანეში ეს დღეც შთამბეჭდავად ჩაიწერა და მოსწავლეების აკადემიურ ცოდნაც გაამდიდრა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203