რეპორტაჟი ყველაზე ცხელი საგამოცდო ცენტრიდან
05-07-2018
დედამიწაზე ძალიან ბევრი ადგილის ჩამოთვლა შეიძლება, სადაც ძალიან ცხელა. აფრიკა, უდაბნოები, სიკვდილის ველი, რომელიც ყველაზე ცხელი წერტილია მსოფლიოში და ასე შემდეგ. მაგრამ არსად არ ცხელა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენთან, მაშინ, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდებია. 

სიცხე და ჩახუთულობა დამატებითი დისკომფორტია აბიტურიენტისთვის, რომელსაც საათობით უწევს ჯდომა ერთ ოთახში და თან ფიქრი, წერა და ანგარიში. 

ამ პრობლემის გადაწყვეტა წელს ძალიან სპონტანურად მოხდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თითქმის შეუძლებელი შეძლო და ორ დღეში გაგრილების სისტემით აღჭურვა საგამოცდო ცენტრები. შედეგად, აბიტურიენტები კმაყოფილები დარჩნენ და უკვე მეოთხე დღეა საგამოცდო პროცესი მშვიდად და გრილად მიმდინარეობს. 

თუმცა, თავიდან კონდიციონერი მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში დამონტაჟდა. 

საპილოტე პროექტის განხორციელების პატივი წილად რუსთავის N22 საჯარო სკოლას ხვდა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ყველაზე ცხელ ადგილებს კონკურენაციას თამამად გაუწევს. 

მაშ ასე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, რუსთავის N22 საჯარო სკოლა, რუსთავი... 

ქართული ენის გამოცდა რუსთავშიც ჩვეულებრივად დაიწყო. მოსწავლეები გამოცდაზე ერთი საათით ადრე გამოცხადნენ და ცხრა საათზე უკვე საგამოცდო ტესტებს ეცნობოდნენ. თავის დროზე ამოსვლა არც მზეს დავიწყებია და გარეთ მომლოდინე გულშემატკივრები დროზე ადრე გაამწესა ჩრდილში. სამაგიეროდ, ჩრდილის ძებნა არ მოუწიათ აბიტურიენტებს, რომლებსაც ოთახებში სასიამოვნო ატმოსფერო დახვდათ. გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ დამკვირვებლების, კონდიციონერებისა და საგამოცდო ნიმუშების სრულ თანხვედრას ერთმანეთში. შემდეგ კი, უერთდებოდნენ სხვებს და ხმამაღლა განიხილავდნენ თემებს, ტესტებსა და თავიანთ პასუხებს. 

შეიძლება ითქვას, რომ ამინდმა გულშემატკივრები ბოლომდე არ გაწირა და დაახლოებით 12 საათამდე გრილი სიოც კი ქროდა. მაგრამ ამან მაინც ვერაფერი უშველა იმ ფაქტს, რომ მთელი ოთხი საათი ფეხზე მდგომი ელოდნენ შვილებს, ძმებსა თუ დებს. 

შუადღის მერე ჩრდილები ნელ-ნელა შევიწროვდა, ხალხმა იმატა, ვიღაცამ მანქანაში სიმღერები ჩართო, ვიღაცამ სადარბაზოს კიბეზე მოიკალათა, ვიღაც ტელეფონის თამაშით გაერთო და ვიღაცები ყველაზე გამბედავებიც აღმოჩნდნენ - სკოლის ჭიშკართან ელოდნენ გამომსვლელებს. 

სკოლა? - სკოლა კი მზიანი მხარის ღირსეული შვილი იყო, ოთხივე კედელზე მზის სხივებითა და სითბოთი, ძალიან დიდი სითბოთი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203