
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად კაცთმოყვარეობას, ემპათიასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან და მომავალ თაობას სწორ ღირებულებებზე ზრდიან.
ამის ნათელი მაგალითია STEAM კლუბ „ინოვატორების“ წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია.
სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს STEAM კლუბი „ინოვატორები“, რომლის ხელმძღვანელია სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი ხათუნი ასანიძე.
კლუბში ჩართულია სკოლის 24 მოტივირებული მოსწავლე, რომლებიც დიდი ინტერესით ეცნობიან STEAM მიმართულებებს და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე ზრუნავენ.
მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის ინიციატივითა და კლუბის ლიდერი მოსწავლეების ორგანიზებით, სკოლის საზოგადოებაში გაიმართა ორდღიანი საახალწლო საქველმოქმედო აქცია თემაზე: „ერთად ვიაროთ სიკეთის გზაზე“.
აქციაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მას აქტიურად შეუერთდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მთელი სკოლის პედაგოგიური კოლექტივი.
მოსწავლე-მასწავლებლებმა საახალწლო ნობათები გადასცეს რამდენიმე ოჯახს.
„გადმოცემა მართლაც რთულია იმ ემოციებისა, რაც საჩუქრების გადაცემის დროს მივიღეთ - სიხარული, მადლიერება და ადამიანური სითბო, რომელიც ყველას გულში დარჩა.
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ კეთილ საქმეში ნებაყოფლობით ჩაერთო. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს და მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ თამარს სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელს ირმა ყეინაშვილს გვერდში დგომისა და მუდმივი
მხარდაჭერისთვის. ეს სწორედ ის მომენტებია, როცა ჩვენს თაობას უნდა ვასწავლოთ თანადგომა,
სიკეთის კეთება და ზრუნვა სხვებზე, რათა გავახაროთ ისინი, ვისაც ეს ყველაზე
მეტად სჭირდება. ერთად შეგვიძლია მეტი სიკეთე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: