
თანატოლგანმანათლებლობა - თანამშრომლობითი სწავლების სახეა, სადაც მოსწავლეები ერთად მუშაობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს საგანმანათლებლო მოგზაურობაში. ეს მეთოდი, როგორც თანამედროვე განათლების ქვაკუთხედი, ფართოდ
არის დანერგილი ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში. ამ სტრატეგიას იყენებს თითქმის ყველა კათედრა, რა დროსაც უფროსკლასელები უზიარებენ უმცროსკლასელებს საგანმანათლებლო გამოცდილებას, რაც მრავალმხრივ სარგებელს იძლევა. იგი აძლიერებს არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებას, არამედ ავითარებს სოციალურ უნარებს და პიროვნულ ზრდას.
აღნიშნულ სტრატეგიას, არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად, ხშირად მიმართავენ კლასის ხელმძღვანელები სადამრიგებლო ღონისძიებების დროს.
ამ დღეებში სკოლის მე-7ა კლასის დამრიგებელმა ხათუნა ებანოიძემ, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, დაგეგმა სადამრიგებლო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ესაუბრა მოსწავლეებს ხელოვნების როლზე ადამიანის ცხოვრებაში. შემდეგ
ეტაპზე მიიწვია სკოლის უფროსკლასელები. მე-10ბ კლასის (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) მოსწავლეებმა - გეგა ჭულუხაძემ, ანი ჩუბინიძემ და ანი ტალახაძემ, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე - „მსოფლიო კინოს
ისტორია“.
მათ ბავშვებს გააცნეს პირველი კინოკადრები, მუნჯური კინოს ფირები და ესაუბრნენ თანამედროვე კინოინდუსტრიაზე. ჩაატარეს ვიქტორინა და ითამაშეს „კინო-ლოტო“. ღონისძიებამ მეშვიდეკლასელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დირექცია და სასკოლო საზოგადოება მიესალმება ასეთ აქტივობებს, რადგან იგი ხელს უწყობს კომუნიკაციის ხარვეზების გადალახვას, სასწავლო პროცესს უფრო დინამიურს და საინტერესოს ხდის. ასევე მადლობას უხდან მეათეკლასელებს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და საინტერესო პრეზენტაციების წარმოდგენისათვის.
იხილეთ ფოტოები: