„ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი” - შთამბეჭდავი სასწავლო პროექტი მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში  
24-12-2025

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლაში წარმატებით განხორციელდა სასკოლო პროექტი - „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი”.

პროექტი დაიგეგმა გასულ სასწავლო წელს, მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა X კლასში შეისწავლეს გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიული თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ მონასტრებში ქართული მწიგნობრობის კერების ჩამოყალიბებისა და ძველი ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშების შესახებ ტექსტებს VIII კლასის მოსწავლეებიც იცნობენ. ამდენად, სამიზნე ჯგუფებად შეირჩა VIII-X კლასის მოსწავლეები. პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი ნაილე თაბაგარი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავდაპირველად ნახეს სკოლის დირექტორის - არქიმანდრიტ ილია ნასიძის ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმი - „წმინდა გრიგოლ ხანძთელი”, ხოლო შემდეგ ეტაპზე დაიგეგმა მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მონაწილეობით ტაო-
კლარჯეთის წმინდა ადგილების მონახულება, რაც განხორციელდა კიდეც.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გრიგოლ ხანძთელის, როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერ, კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორჩეული პიროვნების, ღვაწლის წარმოჩინება; მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, ქრისტიანული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება.

მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე მოიძიეს ინფორმაცია და სხვა დამატებითი რესურსები პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციის მოსამზადებლად. შექმნეს ნამუშევრები: გრიგოლ ხანძთელის ხატის ასლი, გიორგი მერჩულეს პორტრეტი, ხანძთის, იშხნის მონასტრის ნახატები. მოამზადეს გამოფენა:
„გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე”, რომელშიც ტაო-კლარჯეთის ისტორიული რუკა ჩახატეს, ხოლო სათაური ძველი ქართული კალიგრაფიული სკოლისათვის დამახასიათებელი მხატვრული ინიციალებით გააფორმეს. დამზადდა სამახსოვრო ბუკლეტი და ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედი ხატის ფრაგმენტებით აწყობილი სასაჩუქრე ნაკრები.

პროექტის პრეზენტაცია იმითაც იყო საინტერესო, რომ პროექტის მონაწილე ბავშვებმა წარმოთქვეს ტაო-კლარჯეთის, იქ მოღვაწე წმინდა მამებისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს საეკლესიო საგალობლები.

„პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს საკითხის მრავალმხრივ გააზრებაში. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის (VIII-XI კლასები) ერთობლივმა მუშაობამ კი გააძლიერა ურთიერთსწავლების პროცესი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თანამშრომლობითი კულტურა.

პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა სულიერი, მოქალაქეობრივი და აკადემიური უნარების განვითარებას და ჩვენამდე მოიტანა გრიგოლ ხანძთელის ეპოქის მთავარი გზავნილი: რწმენა, სულიერი სიმტკიცე, განათლება და ერთიანობა არის ქვეყნის არსებობისა და არსებობისა და წინსვლის საწინდარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203