
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი კულტურული ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ. ეროვნული საგანძურის დათვალიერების შემდეგ კი კინოთეატრში „ზოოტოპია 2“-ის სანახავად გადაინცვლეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსია მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი გამოცდილება იყო.
მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს არქეოლოგიური ნაშთები, კავკასიის ფაუნის ექსპონატები, მინერალები, ქართული ტრადიციული ჩაცმულობები და ოქროს ფონდში დაცული უნიკალური ნივთები. ამან მათ საშუალება მისცა უფრო მკაფიოდ დაენახათ ის ისტორიული და საბუნებისმეტყველო თემები, რომლებიც კლასში ჰქონდათ ნასწავლი. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მოზარდების დაინტერესება წინაპართა კულტურისა და საქართველოს ისტორიის მიმართ.
კინოსეანსმა კი დამატებით ემოციური ფონი შექმნა. „ზოოტოპია 2“-ის სიუჟეტმა ბავშვებს აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, სიმართლისთვის ბრძოლა და საბოლოოდ კეთილის გამარჯვება.
„საერთო ჯამში, ექსკურსია წარმატებული იყო როგორც საგნობრივად, ასევე ემოციურად და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: