
თბილისის N108 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე, საინტერესო და ეფექტურ მეთოდებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, მე-10ვ კლასში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და ქართულ ენა/ ლიტერატურაში სახელწოდებით - „მამულისა ჩვეულებისამებრ სვლაი“ იოანე საბანიძის „აბოს წამების“ მიხედვით.
გაკვეთილი დაეთმო იოანე საბანისძის ტექსტის გააზრებასა და მისი იდეური სათქმელის განხილვას არაბთა ბატონობის ისტორიულ კონტექსტში საქართველოში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების, ტექსტის სიღრმისეული ანალიზისა და ეროვნული იდენტობის საკითხებზე გააზრებული მსჯელობის უნარის განვითარება.
სასწავლო პროცესში ყურადღება გამახვილდა იოანე საბანისძის მიერ წარმოჩენილ ფასეულობებზე, განსაკუთრებით რწმენის, სამშობლოსა და ტრადიციის ერთგულებაზე, როგორც კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საშუალებებზე. ტექსტის ანალიზი განხორციელდა აბო თბილელის სახის მაგალითზე, რომელიც ავტორის მიერ წარმოჩენილია, როგორც პიროვნული თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი არჩევანის სიმბოლო არაბთა პოლიტიკური და რელიგიური ზეწოლის პირობებში.
ისტორიული კონტექსტის განხილვამ მოსწავლეებს გააცნო არაბთა ბატონობის გავლენა საქართველოს საზოგადოებრივ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაზე და დაეხმარა დაენახათ ლიტერატურული ტექსტი არა მხოლოდ როგორც მხატვრული წყარო, არამედ როგორც ეპოქის ისტორიული დოკუმენტი. კითხვა-პასუხისა და არგუმენტირებულ მსჯელობაზე დაფუძნებულმა მუშაობამ ხელი შეუწყო ტექსტის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირებას.
„რეფლექსიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ინტეგრირებულმა მიდგომამ ეფექტურად წარმოაჩინა იოანე საბანისძის მთავარი სათქმელი — ეროვნული და სულიერი თვითმყოფადობის დაცვა უცხო ძალის ბატონობის პირობებში. აღნიშნულმა გაკვეთილმა გააძლიერა მოსწავლეთა ანალიტიკური უნარები და დაადასტურა ისტორიისა და ქართული ენის ინტეგრაციის მნიშვნელობა ღირებულებითი განათლების პროცესში“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: