ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის №23 სკოლის მოსწავლეების - ლილე ჭკადუას და დემეტრე ხოზრევანიძის ნამუშევრების გამოფენა ქალაქის მთავარ მუზეუმში მოეწყო
22-12-2025

რუსთავის მთავარ მუზეუმში, უკვე მეორედ, ვაჟა- ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-4 კლასის (პედაგოგი ნანა გოგიტაური) ორი მოსწავლის - ლილე ჭკადუას და დემეტრე ხოზრევანიძის ფერწერული ტილოების გამოფენა მოეწყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი ნახატების წარმოდგენა - ეს იყო შრომის, ნიჭიერების, მიზანდასახულობის, დიდი მიღწევის შედეგი. მუზეუმმა უდიდესი პატივისცემით უმასპინძლა მონაწილეებს: წითელი ხალიჩა, მუსიკის ფონზე გამოსვლა, სახელ-გვარების პატივისცემით გამოცხადება.

ცერემონიალს ქალაქის ინტელიგენციაც ესწრებოდა, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა. ლილეს და დემეტრეს თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა ემოცია, დაკვირვება და ინდივიდუალური ხედვა - ის, რაც ნამდვილ ხელოვნებას ქმნის.

მუზეუმის შემდეგ დღე გაგრძელდა სულიერ-კულტურული განწყობით: მოსწავლეებმა, გორგასლის სახელობის ტაძარში წმინდანების ხატებს პატივი მიაგეს, სანთლები დაანთეს, შემდეგ ქალაქის თეატრი მოინახულეს, დაათვალიერეს სკვერები, ბიუსტები, და ბოლოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფლის ყურებით დატკბნენ.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია თანაკლასელების დასწრება და მხარდაჭერა, რადგან, წარმატების გაზიარება და გაორმაგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ცოდნა. ასეთი თანადგომა ბავშვებისთვის უდიდესი მოტივაციაა. ეს დღე მე- 4 კლასის მოსწავლეებისთვის და მათი პედაგოგის ნანა გოგიტაურისთვის იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203