„ჩემი, შენი და ჩვენი გალაკტიონი“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტთა მეფის სამყაროში განსაკუთრებული პროექტით იმოგზაურეს 
19-12-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - თამილა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, გენიალური პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში განსაკუთრებული პროექტით იმოგზაურეს.

პროექტის მიზანი იყო: გალაკტიონის ცხოვრების და შემოქმედების ღრმა გაცნობა, პოეზიის გააზრება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მოსწავლეებისთვის საკუთარი „ჩემი“ გალაკტიონის აღმოჩენა, არა მხოლოდ სახელმძღვანელოში, არამედ მათი გრძნობებისა და ფიქრების სამყაროში.

მოსწავლეებმა გამოიკვლიეს გალაკტიონის ბიოგრაფია, გაარჩიეს ფაქტები, მითები და მოგონებები, გააანალიზეს ლექსები, შექმნეს კედლის გაზეთი, ლიტერატურული კოლაჟები, დღიურის ჩანაწერები და „პასუხი-ლექსები“. მათ სიტყვიერად და ვიზუალურად პასუხი გასცეს პოეტის ემოციურ სამყაროს და გალაკტიონი ნამდვილად „თავიანთი“ გახადეს.

როგორ სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი პროექტები: მოსწავლეს ეხმარება ტექსტის სიღრმისეულ გააზრებაში, კრიტიკულ მსჯელობასა და საკუთარი აზრის თამამად გამოთქმაში. უღვივებს ინტერესს ლიტერატურის, განსაკუთრებით ქართული პოეზიის მიმართ.

მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას შემოქმედებითი, თანამედროვე და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემო, სადაც ლიტერატურა ხდება ცოცხალი დიალოგი, და არა მხოლოდ ამოცანების შესრულება.

ასევე აძლიერებს სკოლას, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც უჭერს მხარს ეროვნული ლიტერატურის პოპულარიზაციას, მოსწავლეთა ნიჭისა და ინტერესების განვითარებას და თანამშრომლობაზე დამყარებულ სასკოლო კულტურას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები და სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური.

სკოლის დირექტორმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა თამილა ნადირაშვილს, VIII კლასის მოსწავლეებს და კოლეგებს გალაკტიონ ტაბიძის პიროვნებისა და პოეზიის ასე სიღრმისეულად, სიყვარულითა და თანამედროვე ხედვით წარმოჩენისთვის.

„ჩვენი სკოლისთვის გალაკტიონი კიდევ ერთხელ გახდა არა მხოლოდ „დიდი კლასიკოსი“, არამედ - „ჩემი, შენი და ჩვენი“ პოეტი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203