
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებებით.
აღსანიშნავია, 15 დეკემბერს გამართული „ქიმიური ღონისძიება“ სახელწოდებით - „ქიმია, როგორც შთაგონება - Chemistry as inspiration“.
პროექტი დატვირთული იყო საინტერესო, სახალისო და ქიმიის სამიზნე ცნებებზე მორგებული შემეცნებითი ხასიათის ინფორმაციებით.
სკოლის VII, IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ქართველი და მსოფლიო ქიმიკოსების სამეცნიერო მიღწევები, მოირგეს როლები და გაითამაშეს სიუჟეტები, ჩაატარეს სახალისო ექსპერიმენტები, ემოციური და პოზიტიური განწყობა აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას, ასევე, შეასრულეს ქიმიური სკეტჩები, ქიმიური კროსვორდები, ჩაერთნენ აქტივობაში „ელემენტების პაექრობა“, მენდელეევის, ლავუაზიეს მარია სლადოვსკაია -კიურის, პეტრე მელიქიშვილისა და სხვათა ისტორიების გაცნობით გაამრავალფეროვნეს და მიმზიდველი გახადეს ქიმიური შოუ, ისაუბრეს ნობელის პრემიის დაარსების ისტორიაზე.
ღონისძიების ავტორი გახლავთ პედაგოგი ნინო სტეფანაშვილი, რომელიც მადლობას უხდის დირექციას მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს კი აქტიურობისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას და მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და გვერდში დგომისთვის... წინსვლა და წარმატება გვქონოდეს მუდამ“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: