
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკომიტეტი.
5 დეკემბერს, ნიადაგის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დეხვირის საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესოდ დაგეგმილი ინფორმატიული ღონისძიება.
ეკოკომიტეტის კურატორის - ლამზირა ონიანის ხელმძღვანელობით, მსმენელებისთვის მომზადებული იყო საგანმანათლებლო და მრავალმხრივ საინტერესო პროგრამა.
ეკოკომიტეტის მდივანმა - ნინი ყვირილიანმა - დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეტალური პრეზენტაცია ნიადაგის მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე ჯანსაღი გარემოსა და პროდუქციის წარმოებაში.
ეკოკომიტეტის წევრმა - მარიამ მეიფარიანმა კი - წარმოადგინა ესე - „ნიადაგის მნიშვნელობა და ნიადაგის ტიპები ლეჩხუმში“, რომელშიც მკაფიოდ წარმოაჩინა რეგიონის ნიადაგური მრავალფეროვნება და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობისთვის.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს სასკოლო ლაბორატორიაში ჩატარებული სკოლის ნაკვეთის ნიადაგის კვლევის ანალიზიც და მსმენელს საინტერესო შედეგები და რეკომენდაციები გაუზიარეს.
დასასრულს გაიმართა დებატები, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს ნიადაგში პესტიციდებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სარგებელსა და რისკებზე.
„ამ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჯანსაღი ნიადაგი - ჯანმრთელი გარემოსა და ჩვენი მომავალი თაობის კეთილდღეობის საფუძველია! მადლობა ლამზირა მასწავლებელს ამომწურავი და მრავალფეროვანი ინფორმაციისათვის! მადლობა ყველა მონაწილეს აქტიურობისა და ცოდნის გაზიარებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ნიადაგის მსოფლიო დღე 5 დეკემბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: