
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განხორციელდა ლიტერატურული პროექტი- „იქ, სადაც სიტყვები თავიანთ სურნელს ტოვებენ“, რომლის ფარგლებში VII–XII კლასის მოსწავლეებს სტუმრობდა თანამედროვე ქართველი პოეტი და პროზაიკოსი მორის როსტიაშვილი.
ღონისძიება გაიმართა სკოლის დირექტორის - ეკატერინე ჩიტაურის მხარდაჭერით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შეხვედრის ორგანიზებულად, მშვიდ და შემოქმედებით გარემოში ჩატარებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრამდე, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით სკოლაში მოეწყო განსაკუთრებული ლიტერატურული სივრცე - „ალაფუშეტის კუთხე“, რომელიც სიმბოლურად წარმოაჩენდა ტექსტის სითბოსა და სიტყვების „სურნელს“.
ამავე დროს, გაიმართა ავტორის წიგნების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მორის როსტიაშვილის ნაწარმოებები და მათთან დაკავშირებული მცირე საინფორმაციო მასალები. ეს გარემო პირველივე წუთებიდან ქმნიდა იმ განწყობას, რომ შეხვედრა არ იყო მხოლოდ ღონისძიება - იგი იყო ლიტერატურასთან ახლო, ცოცხალი და ემოციური შეხება.
„ამ შეხვედრისა და პოეტის მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი ტექსტების გაცნობა არ ყოფილა. მისი სურვილი იყო, მოსწავლეებისთვის ეჩვენებინა, რომ ლიტერატურა „შორეული“ ან მხოლოდ სახელმძღვანელოში ჩაკეტილი მოვლენა არ არის - სიტყვა ცოცხალია, როცა მას აქვს ადამიანური გამოცდილება, გულწრფელი ტკივილი და სითბო. სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა ის გზები და განცდები, საიდანაც იბადება ტექსტი; როგორ იქცევა ცხოვრების ერთი მოკლე ეპიზოდი ფიქრად, შემდეგ - ფრაზად და ბოლოს - ისტორიად, რომელიც სხვასაც ეხმარება საკუთარი ემოციების ამოცნობასა და სახელის დარქმევაში. ამ დიალოგით პოეტმა ახალგაზრდებს მისცა მნიშვნელოვანი გზავნილი: კითხვის კულტურა იწყება მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ თავს პოულობს წაკითხულ სიტყვაში.
შეხვედრის შედეგი აშკარად იგრძნობოდა დარბაზში: მოსწავლეთა მხრიდან არ წყდებოდა შეკითხვები, საუბარი იყო ბუნებრივი და ემოციური, ხოლო პასუხები - დამაფიქრებელი და შთამაგონებელი. ლიტერატურა იქცა არა „დავალებად“, არამედ პირად გამოცდილებად: მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ წიგნი შეიძლება გახდეს მეგობარი, მრჩეველი და სარკე.
განსაკუთრებით დასაფასებელია სტუმრის გულუხვობა - პოეტმა სკოლის ბიბლიოთეკას, მასწავლებლებს, სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს ავტოგრაფიანი წიგნები უსახსოვრა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათ მოტივაციას, გააგრძელონ კითხვა და დაბრუნდნენ ტექსტთან უკვე სხვა ინტერესით. შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც, რაც ამ დღის სითბოს ჩვენს სკოლაში დიდხანს შეინარჩუნებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მორის როსტიაშვილს სტუმრობისთვის მადლობას უხდიან.
„სკოლის დირექცია გულითად მადლობას უხდის ბატონ მორის როსტიაშვილს სტუმრობისთვის, გამონახული დროისა და იმ სითბოსთვის, რომელიც მან ჩვენს მოსწავლეებსა და სკოლას აჩუქა. განსაკუთრებული მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქალბატონ თამილა ნადირაშვილს და მოსწავლეებს - მარიამ სარდლაშვილს და ნატალია ხუციშვილს - იდეის განხორციელებისა და აქტიური ჩართულობისთვის.
ჩვენი მიზანია, მსგავსი შეხვედრები იქცეს სასკოლო ტრადიციად, სადაც სიტყვები კვლავ და კვლავ დატოვებენ თავიანთ სურნელს“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: