​​დოშაყეს სკოლის მოსწავლეები, თემაზე - „გარდატეხის ასაკის ლაბირინთები“ სასაუბროდ, გერმანიაში მოღვაწე პედიატრს - თეკლე ჟვანიას ონლაინ ფორმატში შეხვდნენ
12-12-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეს საჯარო სკოლაში საგანის - „პროექტი სამოქალაქო განათლების“ ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „გარდატეხის ასაკის ლაბირინთები“.

მე-10 კლასის მოსწავლეები ონლაინ ფორმატში შეხვდნენ გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში მოღვაწე პედიატრს თეკლე ჟვანიას, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.

ლექციის პირველ ნაწილში თეკლე ჟვანიამ დეტალურად მიმოიხილა ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც გარდატეხის ასაკს ახლავს. ექიმმა გააცნო მოსწავლეებს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ემოციური და ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოზარდებისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს: თვითშეფასების არასტაბილურობას, ემოციურ მერყეობას, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულეებსა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით გამოწვეულ კონფლიქტებს.

ლექციის მეორე ნაწილი პრაქტიკულ რეკომენდაციებს დაეთმო. პედიატრმა მოსწავლეებს ხაზგასმით განუმარტა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, მათ შორის ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჰიგიენა და სტაბილური ძილის რეჟიმი. ყურადღება გაამახვილა სტრესის მართვის თანამედროვე მეთოდებზე, ემოციების რეგულაციის უნარებზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე და იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახისა და სკოლის მხარდაჭერას, მოზარდის პიროვნული განვითარების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ექიმს მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები დაუსვეს.

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალებთან თანამშრომლობა და მრავალმხრივი გამოცდილებების გაზიარება, რისთვისაც დოშაყეს საჯარო სკოლა მადლობას უხდის ქალბატონ თეკლე ჟვანიას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203