
თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა მასწავლებელი ნინო ბერიძე მეორე წელია საინტერესო პროექტს ახორციელებს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ნინო ბერიძე კოთელიის საჯარო სკოლის აღზრდილია, წარმატებით ჩააბარა და ასევე წარმატებით დაამთავრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მშობიურ სკოლას ახალი იდეებითა და მიდგომებით დაუბრუნდა, შეაყვარა მოსწავლეებს თავი და წარმატებით ახორციელებს პროექტს - „გამიცანი კოთელია“.
„გამიცანი, კოთელია“- სოფლის პატარა შემოქმედთა ხმაა. ეს არის ნინო ბერიძის მიერ დაარსებული ელექტრონული ჟურნალი - სივრცე, სადაც ბავშვების ფიქრებმა, ოცნებებმა და ნიჭმა ფრთები შეისხა. ეს არის ადგილი, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული ნახატი და თითოეული ნივთი ქმნის ბავშვური გულწრფელობით აღსავსე ისტორიას. (იხილეთ ბმული)
როგორც თავად პედაგოგი გვეუბნება, ჟურნალის შექმნის ისტორია ჩვეულებრივია, გაგრძელება კი- არაჩვეულებრივი.
„ერთ დღეს ჩემს მოსწავლეებს მივეცი დავალება „წიგნი და სარკე“. ამ ჩვეულებრივმა, არაფრით გამორჩეულმა გაკვეთილმა საფუძველი ჩაუყარა ელ.ჟურნალის შექმნის იდეას... მეორე დღეს, როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ წამიკითხა თავისი ზღაპარი წიგნისა და სარკის შესახებ, მაჩვენა, თუ რამდენად საოცარნი არიან ბავშვები, დამანახა, რომ ყველაზე დიდი მწერალი ბავშვია! მაშინ მომინდა, ვინმეს გამოექვეყნებინა ეს ზღაპარი და რაკი ხმა ვერავის მივაწვდინე, სურვილი გამოქვეყნებისა კი დიდი იყო, გადავწყვიტე, დამეარსებინა ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოსწავლეების შემოქმედებითი ამოძახილი აღარ დაიკარგებოდა. მთელი დღე ვეძებდი საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ყველაფერს წესრიგში მოვიყვანდი და უკვე 2024 წლის 13 ოქტომბერს გაიდო ხიდი კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და შემოქმედებით სამყაროს შორის. აქ იქმნება არა მხოლოდ პროზა (ზღაპარი, მოთხრობა, იგავ-არაკი, ჩანახატი, ესე...), არამედ პოეზიაც, ნახატები, ხელნაკეთი ნივთები.... და რაც მთავარია, ყველაფერი სიყვარულით იქმნება! აი, ასე სიყვარულში შეიქმნა უკვე ელექტრონული ჟურნალის 5 ნომერი და მჯერა, ამ სიყვარულის მეშვეობით კიდევ მრავალი ნომერი გამოიცემა.
აქ ბავშვებმა აღმოაჩინეს საკუთარი ნიჭი და წარადგინეს სახალხოდ, აქ ბავშვებმა ისწავლეს ერთმანეთის დაფასება და მიეცათ მეტი მოტივაცია, აქ თითოეული ბავშვი გადაიქცა ავტორად, შემოქმედად და აღმომჩენად!
ფაქტობრივად, ის, რაც იქმნება დღეს, არის საძირკველი მომავლისა...“,- გვეუბნება პედაგოგი.
არსებული ელექტრონული ჟურნალი თავსდება ამავე სახელწოდების მქონე ჯგუფში (ჯგუფის სანახავად ეწვიეთ ბმულს).
იხილეთ ფოტოები: