
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ინგლისური ენის კლუბი Beam With Books, რომლის წევრებით ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ და არაერთ საინტერესო ღონისძიებაში არიან ჩართულნი.
4 დეკემბერი კლუბ Beam With Books-ის წევრებისთვის კიდევ ერთ შთამბეჭდავ, საინტერესო და პროდუქტიულ დღედ იქცა.
სკოლის კლუბი სტუმრობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც უილიამ შექსპირის ცხოვრებსა და შემოქმედებაზე ნანა გუბელაძის ლექცია მოისმინეს.
„ნანა გუბელაძის გამორჩეულმა ლექციამ სრულიად ახალი ჭრილით დაგვანახვა უილიამ შექსპირის შემოქმედება.
ლექციის მთავარი სათქმელი „და შენ სად ხარ ადამიანო?“ შექსპირის შემოქმედების მიხედვით, საოცარი ძალით წარმოაჩენდა ადამიანის სამყაროს, პიროვნულ ძიებებსა და ადამიანურ ბუნებაში არსებულ მუდმივ კითხვებს. ეს იყო არა მხოლოდ აკადემიური მსჯელობა, არამედ ინტელექტუალური მოგზაურობა, რომელმაც მონაწილეები შთაგონებითა და ახალი ხედვებით დატოვა.
კიდევ ერთხელ მოგზაურობა ლიტერატურის უსასრულო სამყაროში გვახსენებს, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს ცოდნას, მოსმენილ სიტყვებსა და სწავლის სურვილს. სწორედ ასეთი შეხვედრები აძლიერებს მოტივაციას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და კიდევ უფრო ამყარებს სიყვარულს წიგნისა და კლასიკური ლიტერატურის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ კლუბ Beam With Books მომავალშიც განაგრძობს საგანმანათლებლო სივრცეების სტუმრობას, ახალი გამოცდილებების დაგროვებასა და ლიტერატურით შთაგონებულ მოგზაურობებს.
იხილეთ ფოტოები: