ბაღიდან გათავისუფლებული აღმზრდელი, რომლის აღსაზრდელსაც კარადა დაეცა, სამსახურში სასამართლომ დააბრუნა
11-12-2025

ბაღში ბავშვის დაზიანების გამო გათავისუფლებული აღმზრდელი სასამართლომ სამსახურში აღადგინა და სკოლამდელი დაწესებულებების სააგენტოს განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

გარკვეული პერიოდის წინ, ქარელის ერთ-ერთი სოფლი საბავშვო ბაღში 3 წლამდე ასაკის ბავშვი ოთახიდან დერეფანში გაიპარა, კარადაზე აძვრა, რის შემდეგაც კარადა გადმოვარდა და ბავშვი მოიყოლა. მცირეწლოვანს სახის არეში ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა -  პირველ ეტაპზე საქმე ხაშურის სასამართლოში განიხილეს, სადაც მოსამართლის შეფასებით, გათავისუფლება „კანონიერად“ მოხდა, თუმცა დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დაასკვნა, რომ აღმზრდელი უკანონოდ გაათავისუფლეს. ის სამსახურში აღადგინეს, ხოლო სააგენტოს განაცდურის ანაზღაურება დააკისრეს, - ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ ბაღში არ იყო შექმნილი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო, რაც ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაა, კერძოდ:

ოთახის კარს სახელური არ ჰქონდა და არ იკეტებოდა, რაც ბავშვის მიერ ოთახის დატოვების შესაძლებლობას ქმნიდა.

კარადა, რომელიც გადმოვარდა, კედელზე საერთოდ არ იყო დამაგრებული, რაც უსაფრთხოების მძიმე დარღვევას წარმოადგენდა.

ბაღი ბაგას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, 3 წლამდე ბავშვი ჯგუფში არ უნდა ჩარიცხულიყო; 

აღმზრდელს ჯგუფში იმაზე მეტი ბავშვი ჰყავდა მიბარებული, ვიდრე დადგენილი სტანდარტი მოითხოვს. ჯგუფში 20 ბავშვი ირიცხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტით მაქსიმუმ 15-ია დაშვებული.

ამ ფაქტორების ერთობლიობით სასამართლომ დაადგინა, რომ აღმზრდელის გათავისუფლება უსაფუძვლოდ მოხდა; აღმზრდელი, რომელსაც თითქმის 40 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, სამსახურში უნდა აღდგეს და მთელი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს.

ქარელის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღმზრდელი სამსახურში 2026 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდება. ამ დროისათვის მის პოზიციაზე დასაქმებულ სხვა თანამშრომელს ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203