რუსთავის N23 სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება
11-12-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროგრამას საჯარო სკოლების განახლებისა და სწავლების პირობების გაუმჯობესებისთვის. პროექტს აფინანსებს გერმანიის განვითარების ბანკი (KfW), ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო კომპანია Fichter GmbH & KG PMCG-ის მონაწილეობით.

რუსთავის N23 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ, რომ სწორედ მათი სკოლაა შერჩეული ამ პროექტში.

„ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენი მოსწავლეებისა და პერსონალისთვის ისარგებლონ თანამედროვე, უსაფრთხო და ენერგოეფექტური სასწავლო გარემოთი“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

  • თბოიზოლაცია, გათბობა, ვენტილაცია და განათების სისტემების გაუმჯობესება;
  • სანიტარული კვანძების მოწესრიგება;
  • სტრუქტურული გამაგრება და უსაფრთხოების ღონისძიებები;
  • ინკლუზიური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

განახლებულ სკოლაში მოსწავლეებს ექნებათ თბილი და ნათელი საკლასო ოთახები, უსაფრთხო გასასვლელები, სუფთა სანიტარული სივრცეები და თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურა.

„პროექტი ეფუძნება დაინტერესებულ მხარეთა აქტიურ ჩართულობას. ჩატარდება საჯარო შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახლება მოსწავლეთა საჭიროებებს სრულად შეესაბამებოდეს.

პირველი შეხვედრა უკვე ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დაინტერესება დიდია მოსწავლეთა მშობლების მხრიდან. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება სამუშაოების მიმდინარეობის ყველა პროცესში.

ჩვენ უკვე ველით სიხარულით, რომ მალე ჩვენი სკოლა გახდება თბილი, ნათელი და უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსწავლეებს ექნებათ საუკეთესო პირობები სწავლისა და განვითარებისათვის.

მადლობა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაშია ჩართული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203