რა საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე დღეს
04-07-2018
ამ წუთებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. დღეს გამოცდას ის აბიტურიენტები აბარებენ, რომლებიც 2 ივლისს მეორე სესიაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ.

საგამოცდო ცენტრებიდან აპლიკანტთა ნაწილი უკვე გამოვიდა. აბიტურიენტები განრიგის ცვლილებას დადებითად აფასებენ. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, რომ გამოცდა მშვიდ და კომფორტულ გარემოში წერეს. ამასთან, აბიტურიენტები დღევანდელი გამოცდის საკითხებს იხსენებენ.

„იყო ფრაგმენტი ვეფხისტყაოსნიდან, მეორე არჩევით თემად „იუპიტერის სინანული“ შემხვდა და ეს დავწერე. არგუმენტირებული ესე კი ქსენოფობიაზე იყო,“ - აღნიშნავს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ნიკა შახოიანცი.

„არ ცხელოდა საგამოცდო ცენტრში, კარგი გარემო იყო. საკითხებიც არ იყო რთული. „იუპიტერის სინანული“ ავირჩიე თამად, არგუმენტირებული ესე შემდეგი სათაურით იყო „ქსენოფობია ფეხს ვერ მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში“, - აღნიშნავს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი ბექა ბუჩუკური.

„გრილოდა, აუდიტორიაში ორი კონდიციონერი იყო, დამკვირვებლებიც კარგად გვექცეოდნენ, არავის შექმნია პრობლემა. ვფიქრობ, კარგად დავწერე, ვეფხისტყაოსნიდან შემხვდა თათბირის ეპიზოდი, თავისუფალი თემაც არ გამჭირვებია. რაც შეეხება განრიგის ცვლილებას, დადებითად შევაფასებდი, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს ეს გადაწყვეტილება,“ - აღნიშნავს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი მარიამ მამადაშვილი.

„ორი ვინტილატორი იდგა აუდიტორიაში, სიცხეს ხელი არ შეუშლია. საკითხებიც არ გამჭირვებიაა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა საგამოცდო დღემ,“ -  აღნიშნავს თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი კესო ქინქლაძე.

„გამოცდა მშვიდ და კომფორტულ გარემოში ვწერეთ. დამკვირვებლები კარგად გვექცეოდნენ. რაც შეეხება საკითხებს, ვფიქრობ, კარგად დავწერე. წაიკითხულის გააზრებაში მოვიდა ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“, კერძოდ, ნესტან-დარეჯანის მიერ ტარიელის დაბარება თავისთან. ტექსტის რედაქტირება იყო უფლისციხეზე,“ - აღნიშნავს თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი შალვა გაგაძე.

„ტექსტის რედაქტირება იყო უფლისციხეზე, არგუმენტირებული ესე - ქსენოფიბიაზე, რაც შეეხება წაკითხულის გააზრებას, ერთი ნაწარმოები იყო ჯემალ ქარჩხაძის „იუპიტერის სინანული“, სადაც იმპერატორ ნერონზეა მოთხრობილი. სწორედ ეს დავწერე მე. მე-2 დავალება წაკითხულის გააზრებაში იყო - „ვეფხისტყაოსნიდან“, - აღნიშნავს თბილისის N175 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეა. გამოცდებისთვის 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203