„რეფორმით სისტემამ მასწავლებლებისადმი ​უნდობლობა ​გამოამჟღავნა... ადვილია, პედაგოგისკენ თითი გავიშვიროთ და კომპეტენციები დავუწუნოთ...“
12-12-2025

ახალ წელს განათლების სისტემა უამრავი ცვლილებით ხვდება: მალე დამტკიცდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, ცნობილია ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია, დაკანონებულია ცვლილებები უმაღლესი განათლების მიმართულებით... საბოლოოდ რას მოუტანს აღნიშნული რეფორმები ქართულ განათლების სისტემას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. მანამდე კი მანანა რატიანი, რომელიც თავის დროზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გახლდათ, სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ „აღნიშნული რეფორმით, სისტემამ მასწავლებლებს უნდობლობა გამოუცხადა“:

„მასწავლებლებზე როდესაც ვსაუბრობთ, უკანასკნელი რეფორმით, მასწავლებლებისადმი სისტემამ გამოამჟღავნა ძალიან დიდი უნდობლობა: ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება... მათ შორის, სამღვდელოების, ჯარის, პოლიციის  შემოყვანა, რათა პატრიოტული სულისკვეთება გავაღვივოთო... ანუ მასწავლებლებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი განათლება, შეისწავლეს პედაგოგიკა, არ აქვთ საკმარისი ცოდნა და იმ ადამიანებს,  რომელთაც არაფერი იციან მოზარდის განვითარების თავისებურებებზე, უფრო მეტად უნდა ვანდოთ ჩვენი შვილები?!

ასევე ლაპარაკობენ, დიდი პრობლემაა მასწავლებელთა კომპეტენციასთან დაკავშირებითო... რა თქმა უნდა, მასწავლებლის პროფესია, ისევე როგორც სხვა პროფესიები, საჭიროებს მუდმივად განვითარებასა და მხარდაჭერას და არა იმას, რომ ხელაღებით ჩაანაცვლო პედაგოგი და გადაწყვიტო, ვინ გააკეთებს მის ნაცვლად საქმეს.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მასწავლებელი იყენებს პირველ რიგში სახელმძღვანელოს, რადგან უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი მრავალფეროვან რესურსებზე. ამიტომ ადვილია, მასწავლებლისკენ თითი გავიშვიროთ და კომპეტენციები დავუწუნოთ, ასევე ადვილია გავაკრიტიკოთ სახელმძღვანელოები... 

აქ მთავარია სახელმწიფო რა ნაბიჯებს დგამს სისტემის მხარდასაჭერად. ვხედავთ, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი შემცირებულია დაახლოებით ნახევარი მილიონით და იმავდროულად ვამბობთ, რომ რეფორმის გატარება გვინდა. მე არ მინახავს არც ერთი რეფორმა, რომელიც მხარდაჭერილი არ ყოფილა ფინანსურად... შესაბამისად, ყველა ბუნდოვანება რაც კი არის რეფორმაში, იწვევს მოსახლეობის დეზორიენტაციას...“, - განაცხადა რატიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203