თბილისის N39 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აბიტურიენტის კომენტარი
თბილისის N39 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან პირველი ზუკა კურტანიძე გამოვიდა. იგი Etaloni.ge-სთან საუბრისას ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის საკითხებს იხსენებს და საგამოცდო გარემოზე ამახვილებს ყურადღებას:
„საგამოცდო გარემო ცუდი არ იყო, აუდიტორიებში არ იყო კონდიცირება, მაგრამ ამინდმა შეგვიწყო ხელი და არ ცხელოდა. რაც შეეხება საკითხებს, თავისუფალ თემად შემხვდა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და არ უნდა ვიყოთ მათდამი ბოროტულად განწყობილი. მეორე თემა ვეფხისტყაოსნიდან მოვიდა,“ - აღნიშნავს ზუკა კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდას ის აბიტურიენტები აბარებენ, რომლებიც 2 ივლისს მეორე სესიაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ. განრიგში ცვლილება მოსალონდელი მაღალი ტემპერატურის გამო შევიდა. 5 ივლისის ჩათვლით ერთიანი ეროვნული გამოცდები დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.